საზოგადოება
„გუბერნიამ გადაწყვიტა 25 პირი სახლში წავიდეს“, - ნინოწმინდაში სამსახურიდან წასვლის განცხადებები დაწერეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 25-მდე თანამშრომელს, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს. თვითმმართველობის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და უთხრეს, რომ დაკავებული პოზიციები უნდა დაეტოვებინათ. მიზეზი არ აუხსნიათ.

სამსახურიდან იძულებით წასულებს შორისაა განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლაურა ვარჟაპეტიანი. ის ამბობს, რომ ხელმძღვანელობას მისი გათავისუფლების მიზეზი არ ჰქონდა. ასაკი კი, მოვალეობის შესრულებაში ხელს არ უშლიდა.

„გუბერნატორის მოადგილე მოვიდა და მითხრა, რომ განცხადება უნდა დამეწერა და სამსახურიდან წამოვსულიყავი. გაოცებული ვიყავი, რადგან ამას არ ველოდი. მე არ მიკითხავს რატომ მათავისუფლებთ, მიზეზი არც თვითონ მითხრეს. ალბათ ახალგაზრდა კადრების შემოყვანა სურთ. ესეც საეჭვოა, რადგან 25-მდე პირი გაათავისუფლეს, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც. რა პრინციპით აირჩიეს? მე 70 წელს გადაცილებული ვარ. თუ ხნიერებისთვის იყო განკუთვნილი გათავისუფლება, მაშინ ახალგაზრდები რატომ გაათავისუფლეს? მათ შეეძლოთ რომ თუ რამე შეცდომა დავუშვით გამოვეძახეთ და შეცდომის გასწორებაზე ესაუბრათ, მაგრამ მსგავსი რამ არ ყოფილა“, - გვითხრა ლაურა ვარჟაპეტიანმა.

დანარჩენი თანამშრომლების მსგავსად, სამსახურიდან წასვლას არ აპირებდა ჟორა სნხჩიანიც.

„გუბერნიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 69 წლის კაცი უნდა წავიდეს სამსახურიდან და ახალგაზდრებმა იმუშაონ. ეს შემოთავაზება რომ არ ყოფილიყო, არ ვაპირებდი სამსახურიდან წამოსვლას. 20-ზე მეტი კაცი გაათავისულფეს, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც. ახლა არაფერია გასაკვირი ჩემთვის, რადგან ვისაც რა მოუვა თავში იმას აკეთებს. ამას ალბათ რაღაც მიზეზი აქვს, რაც მე არ ვიცი. მე მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე არ უნდა ხდებოდეს მერიის თანამშრომლების გაშვება. არჩევნების შემდეგ კიდევ შეიძლება. მაგრამ რადგან ასე თვლიან, რომ უნდა წამოვიდე, ესე იგი მათი საქმეა, მე არც ხელს შევუშლიდა და არც დავეხმარები“, - გვითხრა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსმა ჟორა სნხჩიანმა.

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები მისი მხარდამჭერები არიან.

„მაგედან ყველა ჩემი მხარდაჭერია. 21 წელია მე მანდ მაჭორიტარი დეპუტატი ვიყავი. ჩემ მხრიდან ყველა პატივნაცემია. რა თქმა უნდა, ეს საეჭვოა, მაგრამ დღეის მდგომარეობით მე არ ვიცი თუ ვინაა დამნაშავე, ამიტომ არ მინდა სახელები დავასახელო. ერთ კვირაში ყველაფერს გავარკვევ და დავილაპარაკოთ“, - გვითხრა ენზელ მკოიანმა.

ორი დღეა დაკავშირებას ვცდილობთ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან. შალვა ბერძენიშვილი „მეცხრე არხის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. პრესსმასახურში გვითხრეს, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ტელეფონზე არ გვპასუხობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანიც.
| Print |