საზოგადოება
"აფეთქების გამო, ჩემმა ძმამ სმენა დაკარგა" - დეპუტატი ენზელ მკოიანი
ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის აფეთქებას შეეცადნენ. მერსედესის მარკის მანქანა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმას, მარტუნ მკოიანს ეკუთვნის. მარტუნ მკოიანი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. ამბობს, რომ კარგად არ ესმის, ენზელ მკოიანის თქმით, აფეთქებამ მისი ძმის სმენა ნაწილობრივ დააზიანა.

”ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ მასთან ახლოში აფეთქება მოხდა, რის გამოც სმენა დაკარგა. მანქანაში გაიხსნა უსაფრთხოების ექვსივე ბალიში. მივედი ადგილზე, დავინახე, რომ ხის ქვეშ ორმო გაჩენილა. აფეთქება ისეთი ხმამაღალი იყო, რომ მრავალსართულიანი კორპუსის ყველა მაცხოვრებელი შიშისგან გარეთ გამოიქცა. აფეთქება ქალაქის ცენტრშიც კი გაიგეს”,
- ამბობს ენზელ მკოიანი.

დეპუტატი ძმის მანქანის აფეთქების მცდელობას მის საქმიანობას უკავშირებს და ირწმუნება, რომ სამიზნე თვითონ იყო და არა მისი ძმა.

”მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად, ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ გააზრებულად კეთდება. გუშინ ამ მანქანით ჰიდროელექტროსადგურისკენ ვიყავი და ალბათ ეს გაითვალისწინეს. 20 ივნისს დამირეკეს და გამაფრთხილეს, რომ არ დავტოვო სახლი და არჩევნებში არ მივიღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩემგან ყველაზე ძვირფას ნივთებს წაიღებდნენ. მეორედ 24 ივნისს დამირეკეს რუსული ნომრით და მოითხოვეს დიდი თანხის გაგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მომკლავდნენ. მან მითხრა, რომ 15 წელი ციხეში იჯდა და კიდევ მზად არის 20 წელი დაჯდეს, თუკი მის მოთხოვნას არ შევასრულებ. დღეს ჩვენ დაუცველები ვართ, ასეთი შემთხვევა ხდება ჩვენს თავს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. მე ვხვდები, რომ მთავარი სამიზნე მე ვიყავი და არა ჩემი ძმა”, - ამბობს დეპუტატი ანზელ მკოიანი.
შეგახსნებეთ, რომ შემთხვევა 21 აგვისტოს, 17:00 საათზე, ახალქალაქში მოხდა. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს აფეთქებას მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

| Print |