საზოგადოება
ახალციხეში, წინუბანთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - განუცხადეს „მეცხრე არხს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი დაახლოებით, 4 ჰექტარი ფართობი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინუბნიდან დაახლოებით, 20 კილომეტრში, ამარათის მთის ფერდობზე, ხანძრის შესახებ ინფორმაცია 112-ში გუშინ, 30 აგვისტოს შევიდა. ცეცხლი თავდაპირველად, მინდორს ეკიდა, შემდეგ ტყისპირა ბუჩქნარზე გადავიდა. რთული რელიეფის გამო, ტექნიკას ხანძრის კერებთან მიახლოება უჭირდა.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ორი დღეა მუშაობს მეხანძრე-მაშველთა ჯუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. მეხანძრე მაშველებს, რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდნენ.

ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

| Print |