საზოგადოება
ჩამდურელები დეპუტატს მიწების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამძვრალას (ჩამდურა) მოსახლეობამ აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო JNEWS-ი ავრცელებს. აქციის ძირითადი მიზეზი, კარწახისკენ მიმავალ გზასთან მდებარე მიწებია. სააგენტოს ინფორმაციით, სოფელთან არსებული ტყე გაჩეხეს და სახნავ მიწებად აქციეს, ხოლო შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ანდრანიკ მურადიანის ახლობელს მიაქირავეს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ერთ წელიწადში, დეპუტატმა, მესაკუთრის გარეშე დარჩენილ ყველა მიწას პრივატიზაცია გაუკეთა, მაშინ, როდესაც სოფლის მოსახლეობას საკუთარი სახნავი მიწების პრივატიზირება არ შეუძლია. ჩამძვრალას მკვიდრები დეპუტატს ასევე მუქარაში და მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების თქმით, დეპუტატი მათ არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდაჭერას აიძულებს.

მოსახლეობა ირწმუნება რომ 3 ჰექტარი და 4 მეასედი მიწა, 49 წლით, დეპუტატის დედინაცვალს მიაქირავეს. ადგილობრივებმა ეს ფაქტი, ერთი თვის განმავლობაში, ახალქალაქის საკრებულოში, მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციაში გააპროტესტეს. წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც. მათი თქმით, პასუხი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა გასცა, რომელმაც თქვა, რომ აღნიშნული ქმედება კანონის ფარგლებში ხორციელდება.

მოსახლეობა თვლის, რომ დეპუტატმა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მესამე პირების მეშვეობით, შეძლო საკუთარ სახელზე მიწების დარეგისტრირება, რადგან ის მმართველი პარტიის დეპუტატის ენზელ მკოიანის ახლობელია.

“გზასთან მდებარე მიწები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველი პარტიის დეპუტატის დედინაცვალს გადაეცა. ქალბატონი თითქმის 80 წლისაა. თუკი ისინი დეპუტატები არიან, ყველაფერი შეუძლიათ. ვინ ეხმარება მათ? – ენზელ მკოიანი. დეპუტატი- პირადად მისი კაცია. საიდან არის ადამიანი, ვისზეც გაფორმებულია მიწა? ვისთვის აიღო ეს მიწები 80 წლის ასაკში? ჩვენი სოფლიდან არ არის. არც ოჯახი ჰყავს, არც შვილები”,- აცხადებს სოფლის მცხოვრები.

აქციაზე მივიდა ახალქალაქის მერიის სპეციალისტი ვლადიმირ ჟამკოჩიანი, თუმცა მან განაცხადა, რომ მიწების გაქირავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

“მიწების გაქირავების შესახებ თვენახევრის წინ შევიტყვე. ამის შესახებ მე არ მითხრეს. როგორ შეიძლება ამ მიწის გაქირავება ვინმეს გაფრთხილების გარეშე – ვერ გეტყვით. ეს შეგიძლიათ მერიაში დააზუსტოთ. მათ უკვე იციან. არავინ არ დამეკითხა, ხელი მე არ მომიწერია, და მოსახლეობას არავინ აცნობა. მე ახლახან დავურეკე მერს, მან მითხრა, რომ განცხადება მიუვიდა. და ისინი ამ საქმეს განიხილავენ”
,- განაცხადა ვლადიმირ ჟამკოჩიანმა.

მოსახლეობა საქმის შესასწავლად დამოუკიდებელ კომისიას მოითხოვს.

“დამოუკიდებელი კომისია შექმნან, რათა მათ შთამომავლობის არ შერცხვეთ, რისთვის ცხოვრობდნენ ისინი? იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩაიჯიბონ? ისინი სხვა არაფრისთვის მუშაობენ. დეპუტატი ამბობს, 4 წელი ვიმუშავებ, რა მიზანიც მაქვს, მივაღწევ და წავალ. მან უკვე დაუმიზნა იმ მიწებს, რომლებსაც სხვები ვერ არეგისტრირებენ, ვისაც დოკუმენტები არ აქვს. ჩვენ ყველა პრობლემის წინაშე ვდგავართ”
,- ამბობს ადგილობრივი.

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მზად არიან ამ ადგილას ხეები ისევ დარგონ, თუკი ქირავნობის გარიგებას გააუქმებენ.


| Print |