საზოგადოება
„მარდაში“ ისეთი სუნი დგას ფანჯრების გაღება შეუძლებელია“ - ადგილობრივები
ახალციხეში მღვდელი თევდორის ქუჩაზე, რამდენიმე დღეა უსიამოვნო სუნი დგას. ადგილობრივების თქმით, სუნი საკანალიზაციო სისტემიდან გამოდის. უბნის მაცხოვრებლებმა პრობლემის მოსაგვარებლად მერიას რამდენჯერმე მიმართეს. როგორც ისინი ამბობენ, დაპირება მიიღეს, თუმცა საკანალიზაციო სისტემა დღემდე მოუწესრიგებელია.

„ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი სუნი იდგა, რადგან ნაგავს ყრიდნენ. ახლა კი, განსაკუთრებით დილას, გარეთ გამოსვლა და ფანჯრების გაღება შეუძლებელია, რადგან აუტანელი სუნი დგას. ალბათ ნაგავი გაიჭედა. „მარდაში“ ყველა ამაზე ჩივის. რამდენჯერმე მერიას დავუკავშირდით. გვპირდებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ.“ - გვითხრა ანაჰიტ კირაკოსიანმა.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის დირექტორმა პრობლემის შესახებ „მეცხრე არხისგან“ შეიტყო. ადგილზე გასულმა თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ უსიამოვნო სული სანიაღვრე არხებიდან მოდის, სადაც სავარაუდოდ, ადგილობრივების მიერ საქონლის სადგომის გარეცხვის შემდეგ წყალი დგება.

„ეს წყალი არის არასაკანალიზაციო. ეს ქუჩა ორ ნაწილად არის გაყოფილი. ქუჩას მოყვება ღვარსადენები. ერთ-ერთმა ადგილობრივმაც გვითხრა, რომ პრობლემა დილაობით დგას, როცა საქონელი საძოვარზე გადის და მოსახლეობა საქონელის სადგომებს რეცხავს. შემდეგ ეს წყალი ჩამოედინება ქუჩის ორივე მხარეში მოწყობილ ღვრსადენებში და ამიტომაც არასაისმოვნო სუნი დგება. ჩვენი საკანალიზაციო სისტემა აბსოლუტურად გამართულია და არანაირი პრობლემა არ აქვს“ - გვითხრა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის დირექტორმა გიორგი გრიგოლაშვილმა.

მღვდელი თევდორის ქუჩის მაცხოვრებლების მტკიცების მიუხედავად, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ მათ ამ პრობელმის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მათივე თქმით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელები ადგილზე მივლენ და მდგომარეობას შეისწავლიან.

„როგორც კი შევისწავლით მდგომარეობას, მაშინვე გაგაგებინებთ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით“ - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

პრობლემის გარკვევამდე, მღვდელი თევდორის ქუჩის მოსახლეობას კვლავ დახურულ ფანჯრებში ცხოვრება მოუწევს.

| Print |