საზოგადოება
დახურულ სივრცეებში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების კონტროლი მკაცრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება.

როგორც მან უწყებათაშორის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შედარებით მსუბუქი მოთხოვნები შეეხება ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებსაც.

„აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურისედ გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცეში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები.

მინდა ყველა დავაწყნარო, რომ სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკა, სწავლა იწყება, და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არანაირი რისკი არ იქნება“
, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დახურულ სივრცეში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების მონიტორინგს შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს და საჯარიმო სანქციები „გაცილებით უფრო მკაცრი იქნება“.

„შეზღუდვები არის კვლავ იგივე, რაც იყო დღემდე. იკრძალება 200 კაცამდე თავშეყრა.
ამისათვის ჩვენ ვართ შემზადებულები. მანამდე ვიღებდით შეტყობინებას და ამ შეტყობინებაზე ვრეაგირებდით, როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე ჯარიმებით, მაგრამ დღესდღეობით შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან სამინისტროსთან ერთად განახორციელებს უფრო დეტალურ მოკვლევას და შესაბამისად, საჯარიმო სანქციებიც იქნება გაცილებით უფრო მკაცრი,“
- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
| Print |