საზოგადოება
ქორწილების, ქელეხების და დაბადების დღეების გამართვა იკრძალება
10 სექტემბრიდან იუბილეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება.

კერძოდ, მათი განმატებით, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.

მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიების აკრძალვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.
| Print |