საზოგადოება
საქართველო-თურქეთის საერთაშორისო გზა გვიან ღამით გახსნეს
ჯავახეთში, საქართველო-თურქეთის საერთაშორისო გზა გახსნილია. ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული აქცია გვიან ღამით დაიშალა და თურქეთიდან მომავალ სატვირთო ავტომობილებს გადაადგილების საშუალება მიეცათ. სატვირთოები რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ კარწახთან იყო გაჩერებული.

ათასამდე ადამიანი კარწახის საბაჟოსთან გუშინ 29 სექტემბერს შეიკრიბა. მათ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, თურქეთი ამ მარშრუტით აზერბაიჯანს იარაღს აწვდის.

შეკრებილმა ახალგაზრდებმა აქციაზე, ჰუმანიტარული ტვირთის სომხეთში გადატანის მოთხოვნაც გააჟღერეს. საკვებით, ტანსაცმლითა და საბურავებით დატვირთული ავტომობილები ამ დრომდე, ნინოწმინდაში საქართველო-სომხეთის საზღვართან დგას. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ, რომ მოხალისეებს საშუალება მიეცეთ არცახში გადავიდნენ.

JNEWS-ის ინფორმაციით, 00:30 საათისთვის სოფელ კარწახში საქართველო-თურქეთის საერთაშორისო გზა უკვე გახსნილი იყო.
| Print |