საზოგადოება
ონლაინ-აზარტულ თამაშებზე რეგისტრაცია რთულდება
ფინანსთა სამინისტრომ „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნები/სტანდარტები“ დაამტკიცა.

წესის თანახმად, მოთამაშის სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშის შექმნის მიზნით, მხოლოდ მომხმარებლის სახელი და პაროლი არ იქნება საკმარისი და მოთამაშეს ანგარიშის შექმნისას ძლიერი ან ორბიჯიანი ავთენტიკაციის გავლა მოუწევს. (ეს კი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გარდა შეიძლება იყოს: მოთამაშის უნიკალური ნომრის, ელ. ფოსტის ან სმს კოდის შეყვანის საჭიროება სისტემით საგებლობისთვის; სპეციალურ კითხვაზე პასუხი, ფიზიკური ან ელექტრონული ერთჯერადი ან მრავალჯერადი კოდი ან რაიმე ბიომეტრიული მონაცემი).

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონულმა ოპერატორმა უნდა შექმნას მოთამაშის ელექტრონული ფაილი, რომელიც უნდა მოიცავდეს მათ შორის შემდეგ მონაცემს: მოთამაშის სახელსა და გვარს; პირად ნომერს ან პასპორტის მონაცემებს; რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს; მოთამაშის ელექტრონული ფოსტის მისამართს; ტელეფონის ნომერს და ა.შ. უნდა შეინახოს მოთამაშის მიერ ოპერატორის წესებსა და პირობებზე დათანხმების ფაქტი; მათ შორის დასტური იმაზე რომ საქართველოში მოთამაშის მინიმალური დაშვებული ასაკი არის 18 წელი და რომ მოთამაშეს ეკრძალება ანგარიშით სარგებლობის უფლების მინიჭება ნებისმიერი სხვა პირისთვის.

ამასთან, დამტკიცებული სტანდარტების მიხედვით, ოპერატორებს ეკრძალებათ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებული რეკლამის გაგზავნა იმ მოთამაშეებისთვის, რომელთა ანგარიშებიც დაბლოკილი ან შეჩერებულია.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ მოთამაშის ანგარიშზე აქტივობა არ მომხდარა 15 წუთის განმავლობაში, მან თავიდან უნდა შეიყვანოს ავტორიზებისთვის საჭირო მონაცემები. ავტორიზების 3 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი მოთამაშის ანგარიში დაიბლოკება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ მოთხოვნებში აღნიშნულია, რომ მოთამაშის ანგარიშის ყველა ცვლილება, რომელიც აღემატება 3 000 ლარს, პერიოდულად უნდა იქნეს შემოწმებული სისტემურ-ელექტრონული ოპერატორის მიერ.

წყარო: bpn.ge
| Print |