საზოგადოება
სომხეთის საელჩო: ტყუილია, რომ საქართველო ხელს გვიშლის ჰუმანიტარული ტვირთის მიღებაში
საქართველოში სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ საქართველო ხელს არ უშლის ჰუმანიტარული ტვირთისა და საწვავის მიღებაში. საელჩომ სიცრუე უწოდა ინტერნეტში გავრცელებულ მსგავს ინფორმაციას.

"საქართველოში სომხეთის საელჩო ინარჩუნებს მუდმივ ურთიერთობებს საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან. ჩვენ მოგიწოდებთ არ გავრცელდეს დეზინფორმაცია, რადგან ეს პირდაპირ ეხება სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს",- აცხადებენ უწყებაში.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს გავლით ტრანზიტთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის შემთხვევაში, საკითხის მალევე გადასაჭრელად, დაუკავშირდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს.

საქართველოს მთავრობამ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების გამო აკრძალა სამხედრო საქონლის სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაზიდვის ნებართვების გაცემა. თბილისი აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის სამოქალაქო საქონლის მიწოდება არ შეჩერებულა და ამ მიმართულებით საქართველო სრულად ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს.

წყარო: radiotavisupleba.ge
| Print |