საზოგადოება
საქართველოდან გერმანიაში შესვლაზე შეზღუდვები ისევ დაწესდა
გერმანიის მთავრობამ 9 ოქტომბრიდან საქართველოდან გერმანიაში შესვლაზე შეზღუდვები ისევ შემოიღო. საქართველოში გერმანიის საელჩოს განმარტებით, ეს ღონისძიება COVID-19 ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენციას ემსახურება. აქედან გამომდინარე საქართველოდან გერმანიაში გამგზავრება ვიზით ან ვიზის გარეშე, მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

"გადაწყვეტილებას გერმანიაში შეშვებასთან დაკავშირებით ყველა ცალკეულ შემთხვევაში გერმანიის ფედერალური პოლიცია იღებს გერმანიის საზღვარზე. გერმანიის საელჩოს არ აქვს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის არანაირი შესაძლებლობა" – აცხადებენ საელჩოში.

მათივე განმარტებით, გერმანიის საელჩოს საკონსულო და სავიზო განყოფილება თბილისში 2020 წლის ივნისიდან კვლავ ღიაა ვიზიტორებისთვის.

ზემოაღნიშნული შეზღუდვების კვლავ შემოღების გამო სავიზო განაცხადების განხილვა და ვიზების გაცემო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. იმ პირებს, რომლებსაც გერმანიაში გამგზავრება მითითებებში აღნიშნული მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე სურთ, საელო სთხოვს, რომ სავიზო განაცხადის შეტანის ვიზიტი არ დაჯავშნონ, რადგან ასეთი განაცხადები ამჟამად არ განიხილება.

"ვიზებთან დაკავშირებული კონსულტაციები ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმ ვითარებას, რომ კორონა-პანდემიის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად საელჩო იძულებულია, მიმართოს უსაფრთხოების ღონისძიებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიზიტორთა მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას შეეძლება საკონსულოში შემოსვლა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული შეთანხმებული ვიზიტების გარდა ძირითადად შეუძლებელი იქნება სპეციალური ვიზიტების დანიშვნა. ამასთანავე, საკონსულოში შემოსვლა შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც ჯანმრთელია და ატარებს სახის დამცავ აღჭურვილობას (პირბადეს). ადამიანებს შორის დისტანცია უნდა შეადგენდეს 1,5 მეტრს. შემოსვლისას ასევე განხორციელდება სხეულის ტემპერატურის კონტროლი" – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში


| Print |