საზოგადოება
ახლციხეში წყლის მილი დაზიანდა - გადაკეტილია გზის მონაკვეთი
ახალციხეში, იაძის ქუჩაზე, დილიდან სასმელი წყლის მილია დაზიანებული. წყალი ნიაღვრად გზაზე მოედინება. გადაკეტილია გზის ეს მონაკვეთი და ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია. ამ დროისათვის, დაზიანების ადგილზე "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომლები მუშაობენ. „მეცხრე არხი“ კომპანიის რეგიონულ ფილიალს დაუკავშირდა. მენეჯერის თქმით, მსგავსი დაზიანებები ყოველდღიურად ხდება და ეს „სატელევიზიო ნიუსი არ არის“.

„ერთი რიტორიკული შეკითხვა მაქვს. წყლის მილის დაზიანება ისეთი ნიუსია რომ ტელევიზიაში გასაშუქებლად ღირს? მილი დაზიანდა დღეს 11:00 საათზე. ჩემი ხალხი იქ არის უკვე. ამოთხრილი გვაქვს, წყალი დაკეტილია და სისტემის დაცლას ველოდებით, რომ მილი გადავაბათ. ეს ყოველდღიური სამუშაო პროცესია. ქალაქის ამხელა ქსელში, რომელიც ამორტიზებულია, ავარია ყოველ დღე ხდება. როგორც ხედავთ, ამ ქალაქში გუბეები არ დგას. სამუშაო პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ მილი უნდა დაიცალოს, როცა წყლისგან გათავისუფლდება სისტემა, მივლენ შემდუღებლები და დამთავრდება ეს პროცესი“, - აცხადებს გიორგი გრიგოლაშვილი.

კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა ჟურნალისტს კითხვის დასმის სტილი დაუწუნა:

„თქვენი კითხვა დასაწყისში: ბატონო გიორგი, ძველი ბაზრის დასაწყისთან დაზიანდა მილი, როდის იგეგმება მისი გაკეთება? რას ჰქვია იგეგმება? ეს რანაირი კითხვაა? მილი რომ ზიანდება, დაუყოვნებლივ ვიწყებთ რეაგირებას და მაშივე ვიწყებთ მის აღდგენას. როდის იგეგმება გაკეთება, ეს კითხვა საფუძველშივე არასწორია“ - აღნიშნავს გიორგი გრიგოლაშვილი.

მენეჯერის თქმით, მილი დღესვე შეკეთდება, თუ პროცესს ხელი სხვა პრობლემამ არ შეუშალა.
| Print |