საზოგადოება
ჯავახეთიდან მთიან ყარაბაღში გასამგზავრებლად ემზადებიან
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ახალგაზრდები მთიან ყარაბაღში გასამგზავრებლად ემზადებიან. მამაკაცები საომარ მოქმედებებში ჩართვას მოხალისეების სტატუსით აპირებენ. ახალგაზრდების თქმით, სომხეთი მათი ისტორიული სამშობლოა და ამ დროს მათი ადგილი სომეხი ჯარისკაცების გვერდითაა.

"როცა ჩემი ძმები იბრძვიან, მე ან სხვამ როგორ უნდა დაიძინოს ან იცხოვროს მშვიდად? ისინი ომობენ ჩვენი მიწისთვის. მე არ შემიძლია არ წავიდე ეს ღირსების საკითხია. მნიშვნელობა არ აქვს სად დავიბადე, საქართველოში თუ სხვაგან, მე სომეხი ვარ და ეს ჩემი მოვალეობაა. ეს ყველა სომეხმა უნდა იცოდეს"
- ამბობს ნიკოლაი ჰოვსეფიანი.

მოხალისეების განმარტებით, მათ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, ამიტომ საზღვრის გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს.

ახალგაზრდები მთიან ყარაბაღში გამგზავრებას ორ დღეში აპირებენ, სადაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის ორჯერ დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ორჯერვე დაირღვა.
| Print |