საზოგადოება
NDI - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა ეთნიკურ უმცირესობში დაძაბულობა შემოიტანა
მთიან ყარაბაღში განახლებულმა კონფლიქტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო ანტაგონიზმის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა, - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, კონფლიქტზე ფოკუსირებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოების პრობლემად წარმოჩენა და ამასთან დაკავშირებული სტიგმები.

„ეთნიკური უმცირესობები (მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტი) კამპანიის პროცესებში ნაკლებად არიან წარმოდგენილები. გამონაკლისია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ორი ოლქი: მარნეული-გარდაბანი და ახალქალაქი-ნინოწმინდა, სადაც, პირველ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობას - ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო მეორეში ეთნიკურად სომხები წარმოადგენენ.

მთიან ყარაბაღში განახლებულმა კონფლიქტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო ანტაგონიზმის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა.

კონფლიქტზე ფოკუსირებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოების პრობლემად წარმოჩენა და ამასთან დაკავშირებული სტიგმები“,
- აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის რეკომენდაციებსაც გასცემს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები უნდა მოერიდონ ისეთი თემების (მაგალითად, ყარაბაღში გამწვავებული კონფლიქტი) განხილვას, რაც შეიძლება დაპირისპირებისა და საზოგადოების განხეთქილების რისკს შეიცავდეს. ამის ნაცვლად მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ მოქალაქეების პრიორიტეტებზე ორიენტირებულ კამპანიაზე და უფრო მკაფიოდ ისაუბრონ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე“.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში 19 აგვისტოსაც გამოსცა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წინამდებარე ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს. წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე ანგარიში 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.
| Print |