საზოგადოება
რა აწუხებს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას?
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, რა პრობლემები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებიდან.

სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგების მიხედვით მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. პანდემიის გამო, საზღვრების დაკეტვამ და სხვა შეზღუდვებმა კი მოსახლეობა კიდევ უფრო გააღარიბა. განსაკუთრებით უჭირთ პენსიონრებს, შშმ პირებსა და მათ ოჯახებს. ქართული ენის უხარისხო სწავლება კი ხელს უშლის სომხურენოვან მოქალაქეებს დასაქმებაში და ქვეყნიდან მიგრაციისკენ უბიძგებს.

მომდევნო პრობლემა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ასახელებს, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხია. ადგილობრივ ექიმებს და ლაბორატორიებს არ ენდობიან და მათ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიმართავენ. გარდა ამისა, ქალაქების გარეთ სასწრაფო დახმარების მიღებაც გაჭიანურებულია.

განათლების სისტემის გაუმართავობა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აწუხებს. მათი თქმით, სკოლებში მასწავლებლებს კვალიფიკაციის პრობლემები აქვთ. მასწავლებლებს არ აქვთ მოტივაცია, რეპეტიტორობა უფრო აინტერესებთ, რადგან უფრო შემოსავლიანია. ქართული ენის სწავლების დაბალი ხარისხის გამო უმაღლესი განათლება და დასაქმება ძალიან რთულად მისაღწევია. სომხურ ენაზე სასწავლო მასალების ხარისხი დაბალია.

სამცხე-ჯავახეთში აწუხებთ კორუფციის თემაც. ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ჭიანურდება და უხარისხოდ სრულდება. ტენდერებს მხოლოდ დაახლოებულ კომპანიებს აძლევენ. ნეპოტიზმის გამო ადგილობრივი კვალიფიციური კადრები არ საქმდებიან.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, მოსახლეობას პოლიციის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. მათი აზრით, უსაფრთხოების შეგრძნება უფრო მეტად ურთიერთნაცნობობაზეა დამყარებული.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ რეგიონის პრობლემები, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით გამოიკვლია.
| Print |