საზოგადოება
ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. შენობა ოფიციალურად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გახსნა. ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მეცხრეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურში, ადიგენსა და ასპინძაში.

ახალგახსნილი ცენტრი ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების 30 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.

"საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ნინოწმინდაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურის ეპოქა დასრულდა და ის ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტის შენობით ჩანაცვლდა, სადაც მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება"
- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, მიიღებს საკადასტრო გეგმას და სხვა.

ნინოწმინდის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები.

ნინოწმინდის საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ყველასათვის ხელმისაწვდომია უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.

ასევე ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
| Print |