საზოგადოება
საქართველოსავით პატარა ქვეყნების ბაზებად გამოყენება სურთ - რუსული გზავნილები ჯავახეთიდან
რუსული ნარატივის გავრცელების მაგალითები სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით აქტიური 2019 წელს იყო. ,,ქართველ და რუს ხალხთა ერთობის ფონდის" პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში მედიამ სამჯერ გააშუქა. სამცხე-ჯავახეთით დაინტერესება ვლადიმერ ხომერიკის თქმით, ,,ახალციხელების მხრიდან წამოსულმა ინიციატივამ“ განაპირობა. ფონდის პრეზიდენტი მოსახლეობას არწმუნებდა, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარია და მას როგორც დედით ახალციხელს, სურვილი აქვს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში სამცხე-ჯავახეთი აქტიურად იყოს ჩართული.

,,ქართველ და რუს ხალხთა ერთობის ფონდის" პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ნარატივებს მეცხრე არხთან აჟღერებს ახალქალაქის სოფელ ხულგუმოს მკვიდრი. მამაკაცი, რომელიც ვიდეო კომენტარს აკეთებს, მაგრამ ვინაობას არ ასახელებს, რუსეთს ოკუპანტად არ მიიჩნევს.

,,საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური სომხები რუსული საინფორმაციო გავლენის ქვეშ არიან. დეზინფორმაციის ნარატივის მთავარი თემები იდენტობა და ფასეულობებია. მის გავრცელებაში უმცირესობებსაც აქტიურად იყენებენ. რადგან აზერბაიჯანული და სომხური უმცირესობების თემის წარმომადგენლები საქართველოში უმეტესად კარგად არ ფლობენ ქართულ ენას, ახალი ამბების გასაგებად ისინი უფრო ხშირად მიმართავენ რუსულ მაუწყებლებს“ - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდი (MDF) -ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

,,დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პროცესების მთლიანობას, იქნება ეს არჩევნები თუ ყოველდღიური საჯარო დებატები. დეზინფორმაციის გრძელვადიანი შედეგია მედიის, სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნელი შერყევა. ეს შესაძლოა, დეზინფორმაციის შედეგად დემოკრატიისთვის შექმნილი ყველაზე დიდი გამოწვევა იყოს" - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |