საზოგადოება
9 ნოემბრიდან ზოგიერთ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება
ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს ქალაქების ნაწილში გადაადგილება 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე შეიზღუდება. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ეს არ არის „კომენდანტის საათი“, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის 2 ათას ლარიანი სანქცია იმოქმედებს.
| Print |