საზოგადოება
8 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, აშშ–სა და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს
გართიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ 8 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი მოქალაქეებს პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას და კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოები ზომების დაცვას ურჩევენ. ასევე, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.

აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა საარჩევნო პროცესსაც ეხება და პოლიტიკურ პარტიებს დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვის გაგრძელებას სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით ურჩევს.

"დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად"
– ნათქვამია განცხადებაში.
| Print |