საზოგადოება
„მოსახლეობის თხოვნით, ივლიტის სტადიონს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დავარქვით“ - გელა ნოზაძე
ახალციხის სოფელ ივლიტაში მდებარე სპორტულ სტადიონს, ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიენიჭა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გატანილ საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„თავად მოსახლეობის მოთხოვნა იყო, ის სტადიონი, რომლიც უნდა აშენებულიყო და რომლის რეაბილიტაციაც მოვახდინეთ, ყოფილიყო არჩილ ტატუნაშვილის სახელობის“ - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ტატუნაშვილის დედა სოფელ ივლიტიდანაა. არჩილი 2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალში დააკავეს, 23 თებერვალს კი გარდაიცვალა.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმოამდგენლები აცხადებდნენ, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა იყო. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ერთ თვეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია.

| Print |