საზოგადოება
საქართველომ მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული პროდუქტები ექსპორტიორებს დაუბრუნა
2020 წელს საქართველოს საბაჟოებიდან ექსპორტიორ ქვეყნებს 853 694 კილოგრამზე მეტი საკვები პროდუქტი დაუბრუნდა. მათ შორის, ყველაზე მეტი აგროპროდუქტია. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქონელი 16 ქვეყანაში გაბრუნდა. გაბრუნების მთავარი მიზეზები კი არასრული დოკუმენტაცია და მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული პროდუქტი იყო.

2020 წელს უკან გაბრუნებას დაექვემდებარა ვეტერინარული სურსათი - ძეხვეული, რძე, ნაღები, ხორცი, ყველი, ცხოველთა საკვები - 7 სასაქონლო პარტია სულ 81 704 კგ. შემდეგი ექსპორტიორი ქვეყნებიდან: თუქეთი, ირანი, სომხეთი, გერმანია. ვეტერინარული და არაცხოველური პროდუქციის უკან გაბრუნების მიზეზი, სასაზღვრო კონტროლის დროს გამოვლენილი დარღვევები გახდა: არასრული დოკუმენტაცია, იდენტურობის არადამაკმაყოფილებელი კონტროლი (მარკირების შეუსაბამობა).

2020 წელს უკან გაბრუნებას დაექვემდებარა აგრო პროდუქტების (ხილი, ბოსტნეული) 28 სასაქონლო პარტია (სულ 769 896.381) კგ შემდეგი ექსპორტიორი ქვეყნებიდან: თურქეთი, რუსეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ინდონეზია, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. უკან გაბრუნების მიზეზი გახდა ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის დროს გამოვლენილი დარღვევები - დოკუმენტური შეუსაბამობა, არადამაკმაყოფილებელი მცენარეთა სიჯანსაღე, საკარანტინო მავნე ორგანიზმების (კარტოფილის რგოლური სიდამპლის გამომწვევი, კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევი, კარტოფილის კიბოს გამომწვევი, მენაღმე ჩრჩილი) არსებობა პროდუქტში, ასევე, საბაჟო კონტროლის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობები.

რაც შეეხება, არაცხოველური წარმოშობის სურსათს, 2020 წელს გაბრუნებას დაექვემდებარა 4 სასაქონლო პარტია, სულ 2 094.28 კგ. (დაფქული წიწაკა, ფისტა, ლეღვის ჩირი, არაქისი) შემდეგი ექსპორტიორი ქვეყნებიდან: თურქეთი, ირანი, სომხეთი, ინდოეთი.

2019 წელს კი, საქართველოს საბაჟო საზღვრიდან 971 169 კგ-ზე მეტი საკვები პროდუქტი დაუბრუნეს.


bpn.ge
| Print |