საზოგადოება
ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა
ევროკომისიამ საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა დადებითად შეაფასა და საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალს დაამატა, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების (ძაღლი,კატა) საკვების შეტანა ნებადართულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომელიც ევროკომისიის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, საქართველოში სპეციალური ვიზიტისას დადებითად შეაფასა.

კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტის განხორციელების ტექნიკური პროცედურები, იმის შესახებ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო. ამასთან, აცხადებენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე ასევე ნებდართულია ქართული თაფლის (2016 წელი), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წელი) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტი.
| Print |