საზოგადოება
მეტი დრო შვილიშვილებთან - პანდემიის გამო სახლში დარჩენილი ბებიები
20 ნოემბერს, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, ბებიების დღეს აღნიშნავენ. მათი როლი, ბავშვების აღზრდასა და განათლებაში, პანდემიის შემდეგ გაორმაგდა. მას შემდეგ, რაც სკოლები და ბაღები დისტანცირ სწავლებაზე გადავიდნენ, გაკვეთილების მომზადებაში მოსწავლეებს ხშირად, ბებიები ეხმარებიან.

ჯულიეტა ინასარიძე ოთხი შვილიშვილის ბებიაა. მათგან ორი სკოლის მოსწავლეა, ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, ყველაზე პატარა კი მხოლოდ რვა თვისაა. კორონაპნდემიის გამო, ახლა ბებია და შვილიშვილები ერთად უფრო მეტ დროს ატარებენ. როდესაც მშობლებს დრო არ აქვთ, ბებია მათი სწავლა-განათლების საქმეში აქტიურად არის ჩართული.

„შვილიშვილებს ხშირად ვუკითხავ კლასგარეშე ლიტერატურას, ვუყვები ჩემს ბავშვობაში გაგონილ ამბებს. ხშირად ვართობ ისეთი თამაშებით, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება“ – ამბობს ჯულიეტა ინასარიძე.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ცდილობს სახლში იყოს და პანდემიისგან თავი ასე დაიცვას. შესაბამისად, მას შვილიშვილებისთვის მეტი დრო რჩება.
პანდემიის დაწყებამდე ინასარიძეების ოჯახში დრო სხვანაირად ნაწილდებოდა. იმ დღეებში, როდესაც მშობლები მუშაობდნენ, პატარებს ბებია უვლიდა.

„პანდემიამდე, როდესაც მათი მშობლები სამსახურში იყვნენ, დილიდანვე ვინაწილებდი საქმეებს. ბავშვებს ტანისსამოსს ვუმზადებდი, ვაპურებდი და სკოლასა და საბავშვო ბაღში ვუშვებდი.“

ჯულიეტა ინასარიძე ბავშვების სკოლაში და ბაღში გაშვებისთანავე, დროს საშინაო საქმეებისთვის იტოვებდა. შვილიშვილების დაბრუნების შემდეგ, თავისუფალ დროს სეირნობას უთმობდა. ბავშვები სტადიონზე ან ბუნებაში მიყავდა.

„პენსიონერი ვარ, შესაბამისად რისკ-ჯგუფში ვითვლები. ადრე ხშირად დავდიოდი მეზობლებში და ნათესავებში. ახლა კი ნათესავებს მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტები, ხოლო მეზობლებს აივნიდან. სწორედ ასე ვცდილობ კორონავირუსისგან თავის დაცვას.“ -ამბობს ჯულიეტა ინასარიძე.

მარიკა წიქარიშვილი ქალაქ ახალციხის #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელია და ხუთი შვილიშვილის ბებიაა, აქედან ორი სტუდენტი, ორი სკოლის მოსწავლე და ერთი მცირეწლოვანია. ჯულიეტა ინსარიძის მსგავსად, მარიკას ცხოვრებაც პანდემიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

„როგორც ბაღის აღმზრდელი, დავდიოდი სამსახურში და ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. რაც ყველაზე მთავარია, უშუალო ურთიერთობა მქონდა ჩემს პაწაწუნა აღსაზრდელებთან, რაც ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“ - ამბობს მარიკა წიქარიშვილი.

პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ბებიას შვილიშვილებისთვის ახლა ბევრად მეტი დრო რჩება. ამ დროს კი მათთვის სასარგებლოდ და ნაყოფიერად იყენებს.

მარიკა წიქარიშვილი ახლა, ისევე როგორც ყველა პედაგოგი, აქტიურადაა ჩართული დისტანციურ მეცადინეობებში და ცდილობს, ვიდეო-აქტივობებით პატარა აღსაზრდელები დააინტერესოს.

საბავშვო ბაღის აღმზრდელიც რისკ-ჯგუფს განეკუთვნება, ამიტომ პანდემიისგან თავს გულმოდგინედ იცავს.

„ვითვალისწინებ და ვასრულებ ყველა იმ მითითებასა თუ რეკომენდაციას, რასაც გვაძლევენ ჩვენი ექიმები და ზემდგომი ხელმძღვანელები“ - ამბობს მარიკა წიქარიშვილი

მარინა ბედნარსკა ახალგაზრდა ბებიაა. მისი ერთადერთი შვილიშვილი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. რისკ-ჯგუფში არ შედის, თუმცა კორონავირუსისგან თავის დაცვას დიდი მონდომებით ცდილობს. ამიტომ, სახლიდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადის.

„სახლიდან გასვლისას ყველა რეგულაციას ვიცავ, მათ შორის ვატარებ პირბადეს და დისტანციურად ვურთიერთობ გარშემომყოფებთან“, - ამბობს მარინა ბედნარსკა.

საბავშვო ბაღის დახურვის შემდეგ, სხვა ბებიების მსგავსად შვილიშვილთან ერთად ისიც მეტ დროს ატარებს. ახალგაზრდა ბებია მის აღზრდასა და სწავლა-განათლებაში აქტიურდ არის ჩართული.

„ბაღიდან უგზავნიან დავალებებს და ვეხმარები, ვახატინებ ნახატებს, წიგნებს ვუკითხავ და საბავშვო ბაღისთვის ვიდეოებს ვიღებთ.“

ბებია ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს. ის ბავშვს არა მარტო აუცილებელ ცოდნასა და უნარებს გადასცემს, არამედ ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს. პატარა ასაკში ბავშვები, ძირითადად, ყველაზე მეტ დროს სწორედ ბებიებთან ატარებენ.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |