საზოგადოება
შშმ პირები პანდემიის პირისპირ და დისტანციური სწავლების გამოწვევები
საქართველოში პანდემიის მეორე ტალღის დაწყების შემდეგ ახალციხეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შშმ პირები მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ, ამიტომ ორგანიზაციები ცდილობენ საზოგადოებაში ადაპტაციისთვის საჭირო კურსები ონლაინ რეჟიმში გაატარონ და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დისტანციურად დაეხმარონ.

კავშირი „თანადგომა შვილებს“ ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც პანდემიის გამო, დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 10 ბენეფიციართან ორი სპეციალისტი ონლაინ კონსულტაციებს ატარებს. მათი თქმით, დისტანციურ რეჟიმში მუშაობა შშმ პირებისთვის ფსიქოლოგიურადაც და მორალურადაც ძალიან რთულია.
„თანადგომა შვილებს“ ფუნქციონირება 2020 წლის ივნისში დაიწყო. ორგანიზაციის მოხალისე ფსიქოლოგმა ლიკა ხელისუფალმა ბენეფიციარებთან მუშაობა ონლაინ რეჟიმშიც გააგრძელა და ამბობს რომ მათ სიამოვნებით ეხმარება.

„მართლია ონლაინ გაკვეთილები ვერ შეედრება უშუალო შეხვედრებს, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს. ამიტომ ბენეფიციარებისვე უსაფრთხოებისთვის გადავედით დისტანციურ რეჟიმზე. ინტერნეტით საუბარი ძნელია თუმცა ამასაც გადავლახავთ“ -
ამბობს ფსიქოლოგი.

პანდემიამ მთლიანად შეცვალა როგორც პედაგოგებისა და ბენეფიციარების ყოველდღიურობა, ასევე, მთლიანად ორგანიზაციის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები.
„პანდემიის პირობებში გრაფიკი გვაქვს შედგენილი. 10 ბენეფიციარი ორ ჯგუფად გვყავს განაწილებული. თავად ბენეფიციარებიც არიან ძალიან მონდომებულნი. ამით ყოველდღიურ რეჟიმს ცვლიან. ისინი უფრო მეტად ერთვებიან ამა თუ იმ აქტივობაში“ - ამბობს სპეცპედაგოგი მანანა ტაბატაძე.

კავშირის ხელმძღვანელი მაია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ორგანიზაციიის სპეციალისტები და ფსიქოლოგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბენეფიციარებთან მუშაობა ონლაინ რეჟიმშიც ნაყოფიერი იყოს.

პანდემია თავის მხრივ იჩენს სიმკაცრეს, ამიტომ გადავედით დისტანციურ რეჟიმზე და შევცვალეთ ჩვენი ყოველდღიურობა. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მაინც არ გავჩერდებით და მუშაობას კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ, რადგან ბენეფიციარებისა და მშობლების მხრიდან მოთხოვნა დიდია“ - ამბობს მაია გაჩეჩილაზე.


„თანადგმა შვილების“ მსგავსად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „ტალიტა კუმიც“ სამი კვირაა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ცენტრი 19 წლის ასაკიდან ზევით ბენეფიციარებს ემსახურება.

დღის ცენტრში 20 ბენეფიციარია, რომელთაც სპეციალური მიდგომა და ყურადღება ესაჭიროებათ. პანდემიის პირობებში კი ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მენეჯერის ქრისტინე ლაზარიშვილის თქმით, მათი ცენტრიც ონლაინ მუშაობაზე შშმ პირების რისკ-ჯგუფში ყოფნიდან გამომდინარე გადავიდა. იმისთვის რომ სწავლება არ შეწყეტილიყო, მათ სხვადასხვა ინტერნეტ სივრცე და აპლიკაცია გამოიყენეს.

„პანდემიის დროს, სწავლების პროცესში მშობლებიც არიან ჩართულნი, რაც პედაგოგებს მუშაობას მეტად უადვილებს“
-ამბობს თერაპევტი, სპეცპედაგოგი მელანო ჩილინგარაშვილი.
გარდა იმისა, რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ონლაინურთიერთობა რთულია, დისტანციურ სწავლებას თან ახლავს სხვა პრობლემებიც. შშმ პირთა ოჯახის წევრების თქმით, ყველა მათგანს ინტერნეტთან წვდომის საშუალება არ აქვს.


დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, შშმ პირთა საჭიროებებზე მთავრობას არანაირი გეგმა არ გააჩნია - აცხადებს საიას მკვლევარი მარინა კობახიძე, რომელიც თავადაც ეტლის დახმარებით გადაადგილდება. მისივე თქმით, ხელისუფლებას არც იმაზე აქვს ნაფიქრი, ინფიცირების შემთხვევაში რა ბედი ეწევათ მას და მის მსგავს პირებს. ასევე გაურკვეველია, აუცილებლობის შემთხვევაში, შშმ პირთა საკარანტინე სივრცეში მოთავსების, ადაპტირებისა და საჭიროებების საკითხი, რაც მათთვის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებს ამ ეტაპზე სახელმწიფო, მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაციას სთავაზობს. ამით ჯანდაცვის სისტემა ამ კატეგორიის მოქალაქეებში იმუნური სისტემის გაძლიერებას ცდილობს, რათა კოვიდინფიცირების შემთხვევაში, მათ ვირუსი შედარებით მარტივად გადაიტანონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა პოლიკლინიკა, რომელსაც ამცრელი კაბინეტები აქვს, გრიპის ვაქცინის შესაბამისი დოზებით მომარაგებულია.

„დღევანდელი რიცხვით, გრიპზე აცრილია 91 ათასი ადამიანი. ქსელში არის განაწილებული დაახლოებით 30 ათასი დოზა ვაქცინის, ამიტომ, ვთხოვ კიდევ და კიდევ რისკ ჯგუფებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად მიმართონ პოლიკლინიკებს, რათა გრიპის საწინააღმდეგოდ დროულად იქნას გამომუშავებული იმუნიტეტი“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.



ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფოს შშმ პირების საჭიროებებზე ერთიანი კონკრეტული გეგმა და სტრატეგია არ აქვს შემუშავებული - ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.


პანდემიასთან გამკლავებას ამ ეტაპზე შშმ პირები სახლში დარჩენით ცდილობენ, თუმცა უცნობია, მასზე მზრუნველი ადამიანიდან დაინფიცირების შემთხვევაში, რა ბედი ეწევა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანს. მარტო სამცხე-ჯავახეთში დღეისათვის დაახლოებით, 1 200 შშმ პირია, რომელსაც სარეაბილიტაციო და დღის ცენტრის მომსახურება სჭირდება.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |