საზოგადოება
300 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 24 დეკემბრამდეა შესაძლებელი
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაცია და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ამ ეტაპისთვის, უწყებაში 14 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა.

"კომპენსაციების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება. იმ მეწარმეებს, რომლებსაც შეზღუდვები შეეხოთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს, დროულად შეავსონ შესაბამისი ფორმა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, ზუსტად მიუთითონ დასაქმებულთა პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რათა მოქალაქეებმა დახმარება ახალ წლამდე მიიღონ" –აცხადებენ სამინისტროში

300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება შემოსავლების სამსახურში.

ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით,  რეგისტრაციის პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება, დაზუსტებები კი 28 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.
| Print |