საზოგადოება
11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა
11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის.

ეკოსისტემების დეგრადაცია და სახეობების გადაშენება გლობალური პრობლემაა და ამ თვალსაზრისით საქართველოც მრავალი გამოწვევის წინაშეა.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს. მათი განმარტებით, კლიმატის ცვლილება უდიდეს საფრთხეს უქმნის მთებს და მათ ბიომრავალფეროვნებას.

"კლიმატის ცვლილება მყინვარების დნობასთან და და მთის ხანძრებთან პირდაპირ კავშირშია. ეს იწვევს ეკოსისტემების დეგრადაციას, სახეობების გადაშენებასა და ბიომრავალფეროვნების შემცირებას. საქართველოს ბუნებრივი ტყეების დაახლოებით 98% განლაგებულია კავკასიონის მთების კალთებზე. დავიცვათ მთების მდიდარი ბიომრავალფეროვნება იმ საფრთხეებისგან, რომლებიც მათ ემუქრება,"
- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაერო-ს რეზოლუცია 57/245, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისაკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.

მთებს ხმელეთის დაახლოებით ერთი მეოთხედი უჭირავს და მასზე მოსახლეობის დაახლოებით 10 % ცხოვრობს. 

საქართველო მთიანი რელიეფით მდიდარი ქვეყანაა, აქ მთებს 54% უჭირავს და ვრცელდება ზღვის დონიდან 5068 მეტრამდე.
| Print |