საზოგადოება
სად როგორი ნაძვის ხით ხვდებიან სამცხე-ჯავახეთში?
ახალციხის მერიამ წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ცენტრალურ სკვერში დამონტაჟდა, უკვე აინთო.ქალაქის მოსართავად ტენდერი 19 130 ლარზე გამოცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. 2 დეკემბრის ხელშეკრულებას ხელს შპს "დანდი" აწერს.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ქალაქი გარე გამოყენების მანათობელი ლედ დეკორაციებით უნდა მორთოს. შენაძენში ასევე შედის 300 ცალი ვერტიკალური სტრინგი და 17 მანათობელი ლოლო.ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები არ დარიგდება, ქალაქის ქუჩებსაც წინა წლებში ნაყიდი განათებებით მორთავენ. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის მიზერული თანხა დაიხარჯება. ახალქალაქის მერია 2021 წლის აღსანიშნავად, თავდაპირველად 14 100 ლარის დახარჯვას გეგმავდა, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილებით ეს თანხა 5 000–ლარამდე შემცირდა. ეს თანხა გათვალისწინებულია ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟისათვის, ასევე ქალაქის მორთულობისთვის. თანხა მოხმარდება ცენტრალურ მოედანზე არსებული წარწერის 2020-ის 2021-ით შესცვლას. ასევე მოირთვება მოედანი. საახალწლოდ ნაძვის ხე მორთეს და ქუჩები გაანათეს ბორჯომშიც. პანდემიის გამო ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები არ იგეგმება. რა თანხა იხარჯება წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან - ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ დევს. საახალწლო ხარჯებთან დაკავშირებით ბორჯომის მერია კომენტარს არ აკეთებს.საჩუქრების დარიგების გარეშე ჩაივლის ახალი წელი ნინოწმინდაშიც. მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხე ჰაოსისა და ქართლოსის სკვერში დამონტაჟდა. ქალაქში წელს არც საახალწლო ღონისძიებები იგეგმება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ 4900 ლარია გამოყოფილი, რომელიც ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის იხარჯება. სამუშაოები ინდივიდუალურმა მეწარმემ არტურ არზუმანიანმა შეასრულა.პანდემიის გამო, შედარებით მოკრძალებულია საახალწლო მორთულობა ასპინძის მუნიციპალიტეტშიც. მორთულობებისა და ღონისძიებებისთვის აქ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარამდე უნდა დახარჯულიყო. ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოცხადებული ტენდერი ჩაშალა და თანხა შეჭირვებულ ოჯახებს მოახმარა. დაბის მოსართავად კი გასულ წლებში შეძენილი საახალწლო განათებები გამოიყენეს. ასპინძის მსგავსად, მოკრძალებულად აღინიშნება ახალი წელი ადიგენშიც. ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო განათებებისთვის 4 900 ლარი გამოიყო, რაც ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის იხარჯება. პანდემიის გამო, საახალწლო მორთულობებისთვის წელს თანხა არ დახარჯულა. დაბის მოსართავად, აქაც ძირითადად გასულ წლებში შეძენილი დეკორაციები და განათებები გამოიყენეს. საახალწლო განათებების ჩამოხსნა და ნაძვის ხის დემონტაჟი 20 იანვრისთვის იგეგმება.რაც შეეხება ახალციხეს, შპს "დანდის" მიერ დამონტაჟებული საახალწლო მორთულობა ქალაქს 26 თებერვლამდე დაამშვენებს.  ფოტოების ნაწილი გამოყენებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |