საზოგადოება
ასფალტის დაგებისას მილი დააზინეს და სარდაფი მეტბორება - მარგალიტა მალცოვა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგების შემდეგ, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში წყალი ჩადის. მეპატრონის განმარტებით, გზის დაგების დროს მუშებმა სასმელი წყლის მილი დააზიანეს და არ შეაკეთეს. მას შემდეგ მარგალიტა მალცოვას სარდაფი იტბორება.

დაზარალებულმა დასახმარებლად ახალციხის მერიას და სამხარეო ადმინისტრაციას სთხოვა, თუმცა უკვე მეორე წელია მისი პრობლემა არ გადაჭრილა.

„მერიიდან მოვიდნენ, შეხედეს, თქვეს რომ ასფალტის ბრალია და გავაკეთებთო, თუმცა დღემდე ასეთ სიტუაციაში ვარ. ნამიან სახლში როგორ ვიცხოვრო?“ - ამბობს მარგალიტა მალცოვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საკითხი წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ დაზიანება ასფალტის საფარის დაგების შედეგად არ მომხდარა.
„სავარაუდოდ, სასმელი წყლის ძველი მაგისტრალია დაზიანებული, შესაბამისად წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას“, - გვითხრეს პრესსამსახურში.

ამ პასუხის მიუხედავად, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ ახლა, "მეცხრე არხისგან" შეიტყვეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალისტები ხვალ, 28 დეკემბერს გზას გათხრიან და სასმელი წყლის მილებს შეამოწმებენ.


| Print |