საზოგადოება
ახალციხეში, იშვიათი, მწვანე ლეკვი დაიბადა
მწვანე ლეკვი, მესარკიშვილების ოჯახში, 31 დეკემბერს გაჩნდა. ქართულმა ნაგაზმა, სოფელ ივლიტაში, შვიდი ლეკვი დაყარა, მათ შორის ერთი მწვანე ფერის. ბესო მესარკიშვილი ამბობს, რომ მას დაუკავშირდნენ ზოოპარკიდან, თუმცა ლეკვის გაჩუქებას არ აპირებს.

,,თავიდან ვერ ვიჯერებდით.. რთულია დაიჯერო მწვანე ლეკვის არსებობა და გაოცებულები ვიყავით ძალიან, ამავე დროს ძალიან გახარებულები. პოსტი რომ დავდე, გამოხმაურებაც მოყვა, ბევრი გაოცდა, ბევრს გაუკვირდა და ბევრსაც ფოტოშოპი ეგონა"- ამბობს ბესო მესარკიშვილი.

ახალ წელს დაბადებულ მწვანე ლეკვს, მესარკიშვილებმა ,,გრინჩი" დაარქვეს.

მწვანე ბეწვით დაბადებული ძაღლი ძალიან იშვიათია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ეს იმის შედეგია, რომ ლეკვი საშვილოსნოში ყოფნისას მწვანე პიგმენტ ბილივერდინთან შედის კონტაქტში.

აქამდე რაც არის ცნობილი, მსგავსი ძაღლები დაბადებულია ამერიკაში, გერმანიაში, შოტლანდიასა და იტალიაში.

ამერიკაში მას ჰალკი დაარქვეს, შოტლანდიაში - ფორესტი, გერმანიაში - მოჰიტო, ხოლო იტალიაში - ფისტაშიო. ახლა მათ რიცხვს ახალციხელი გრინჩიც შეემატა.
| Print |