საზოგადოება
ბავშვს სხვა ოთახში ეძინა, მაშინვე საბანში გავახვიე და გავიყვანე - მეზობელი
რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ოჯახის ხუთი წევრი ბუნებრივი აირით მოიწამლა, ესპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  შემთხვევის ადგილზე გაჟონვის მიზეზებს  გაზკომპანიის წარმომადგენლებიც იკვლევენ. კომპანიის ხელმძღვანელი ვასილ აბულაძე განმარტავს, რომ  ,,წყლის გამაცხელებლისგან გამოვიდა ნამწვი და ამ ყველაფერმა გამოიწვია მომხდარი"

მეზობლების თქმით, ამბავი მოწამლული დიასახლისის მეუღლისგან გაიგეს.

,,კივილი მომესმა, ირმა მიშველეო, ყველანი უგონოდ იყვნენ.. მეზობლებს შევძახე, რომ სასწრაფოში დაერეკათ და მერე გამახსენდა ბავშვი. ხუთი თვის პატარა ჰყავთ, ბავშვს მეზობელ ოთახში ეძინა, მაშინვე საბანში გავახვიე და გარეთ გამოვიყვანე. შემეშინდა ხმას რომ არ იღებდა. ვანჯღიე და გვიან ამოიღო ხმა. მაშინვე ვიფიქრე, რომ გაზი იქნებოდა, რადგან ერთი დერეფანში, მეორე ლოჯში, მესამე საპირფარეშოსთან იყო" - აცხადებს ირმა ხნკოიანი.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოელექტრო, გაზის ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს, 9 იანვარს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ერთი ოჯახის ხუთივე წევრი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
| Print |