საზოგადოება
მარგალიტა მალცოვას სარდაფი ისევ ეტბორება, წყალმომარაგების კომპანია კი ჟურნალისტს სხვა თემით დაინტერესებას ურჩევს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, სპეციალისტებმა მიწისქვეშა კომუნიკაციის შემოწმება შეწყვიტეს. სამუშაოები, რომელიც დეკემბრის ბოლოს მიმდინარეობდა, მათ 5 იანვრიდან უნდა განეახლებინათ, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ამოთხრილი გზის გადასასწორებლად მივიდნენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს თავად ადგილობრივმა მარგალიტა მალცოვამ ითხოვა, რომელიც მანამდე სარდაფის დატბორვის მიზეზის გარკვევას ცდილობდა. ამისთვის კი რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებელს “მეცხრე არხის” ჩარევა დასჭირდა, რადგან არაერთი განცხადების მიუხედავად, კომპანია მისი პრობლემით არ დაინტერესდა.

“იმის გამო, რომ ამ სამუშაოებს წვიმიანი ამინდები დაემთხვა, ეს ქალი მოვიდა და მოითხოვა ორმოების ამოვსება და გათხრების შეჩერება. იმიტომ, რომ აქ გათხრების დროს, უფრო მეტი წყალი შევარდა სარფდაფში. ჩემმა თანამშრომლებმა გუშინ ამოავსეს ეს ორმოები და დღეს მიდიან რომ მოიტანონ ხრეში, რადგან გადაფარონ გზის სავალი ნაწილი. ქალბატონმა მოითხოვა სამუშაოები გააგრძელეთ გაზაფხულის შემდეგო” - განუცხადა “მეცხრე არხს” კომპანიის რეგიონული ფილიალის მენეჯერმა გიორგი გრიგალაშვილმა.

მარგალიტა მალცოვა უარყოფს, რომ მან კომპანიას გზის მოსწორება სთხოვა. მისი თქმით  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ სერვისცენტრს თავადვე მიმართა და დაინტერესდა, რატომ აღარ გააგრძელეს სამუშაოები, რადგან მას სარდაფი ისევ ეტბორება.

„მივედი მივაკითხე წყალკანალს,მითხრეს მოვალთო, მაგრამ როდის მოვლენ არ ვიცი, მითხრეს ახალი წლებია, ტროტუარი უნდა ამოიყაროს და მანქანები დადიანო. მიწა გაყინულია და ჯერ ვერ გავაკეთებთო“- აცხადებს მარგალიტა მალცოვა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის მენეჯერმა საკითხთან დაკავშირებით განმარტება 30 დეკემბერსაც გააკეთა. მაშინ გიორგი გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ არც ერთი მილი დაზიანებული არ არის, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დანარჩენი კომუნიკაციის შემოწმება 5 იანვრიდან განახლდებოდა.

კომპანიის რეგიონული მენეჯერი “მეცხრე არხის” მიერ საკითხით დაინტერესებამ გააღიზიანა. მისი აზრით, ეს “სატელევიზიო ნიუსი” არ არის. გიორგი გრიგალაშვილმა “მეცხრე არხს” მოსახლეობის პრობლემებზე მუშაობა და თემების შერჩევა არაერთხელ დაუწუნა.

“ეს ამბავი რეგიონული მაშტაბის სატელევიზიო ნიუსია? ამაზე გაცილებით უფრო მწვავე ამბები ხდება სხვა სერვისცენტრებში. მდინარემ, რომ მილი წაიღო და 300 კაცი წყლის გარეშე დარჩა და ჩემმა თანამშრომლებმა მთელი ღამე რომ იმუშავეს და გაყინულები, რომ გამოვიდნენ. ზოგს ფილტვების ანთება დაემართა და ზოგს რა… რეები ხდება რეგიონში და თქვენ რეებს აკეთებთ?”

თემით დაინტერესების შემდეგ გიორგი გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ “მეცხრე არხს” ინფორმაციას არ მიაწოდებდა, რადგან უკვე ბევრჯერ ისაუბრა ჟურნალისტებთან ამ თემაზე და შეწუხებულია.

“მილის პრობლემის გამო მეექვსედ ვსაუბრობ ჟურნალისტთან. გეგონება ამ ქვეყანაში მეტი პრობლემა არაფერია. თქვენ ჟურნალისტები რვაფეხები უნდა იყოთ, რომ ყველაფერი გაიგოთ. თქვენ რვაფეხა თუ არ ხართ, რანაირი ჟურნალისტები ხართ აბა?” - აცხადებს გიორგი გრიგალაშვილი.

რეგიონული ფილიალის მენეჯერის მსგავსი ტონი “მეცხრე არხის” ჟურნალისტთან პირველი არ არის. თემა და პრობლემასთან დაკავშირებული კითხვები გიორგი გრიგალაშვილმა ჟურნალისტს 15 ოქტომბერსაც დაუწუნა, როდესაც იაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა და ქალაქის ქუჩები დატბორა.

| Print |