საზოგადოება
ახალციხეში, აფეთქების დროს დაშავებულები კლინიკიდან გაწერეს
ცოლ-ქმარი, რომელიც ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. როგორც დამწვრობის ცენტრში განმარტავენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შედარებით მძიმე მდგომარეობაში იყო მამაკაცი, რადგან მას დაჭირდა კანის გადანერგვა ზედა კიდურზე, ქალბატონს არ დასჭირვებია, დამწვრობა ჰქონდათ სახეზე და მტევნებზე, ისინი რეაბილიტაციას სახლში განაგრძობენ“ - ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში სავარაუდოდ ბუნებრივი აირი დაგროვდა და აფეთქდა. შედეგად საცხოვრებლის ნაწილი ჩამოინგრა. დაშავებული ცოლ-ქმარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

კორპუსის მდგომარეობა ექსპერტებმა შეისწავლეს. მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, შეძლებენ თუ არა მაცხოვრებლები სახლებს დაუბრუნდნენ. ამჟამად კორპუსის ყველა მაცხოვრებელი ქირით ცხოვრობს, რომლის ხარჯებსაც ქალაქის მერია ფარავს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
| Print |