საზოგადოება
ვალეში მოსახლეობის ნაწილი სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს
ვალეში მოსახლეობის ნაწილი ერთ-ერთი ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს. ადგილობრივების უკმაყოფილებას საბჭოური ტოპონიმიკა იწვევს, რომელიც მათი ქუჩის სახელწოდების სახითაა შემორჩენილი. სტალინის ქუჩა ქალაქ ვალეში ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა.

"ვთვლი რომ 21-ე საუკუნეში, საქართველოში არ უნდა იყოს სტალინის ქუჩა. ის იყო ტირანი დიქტატორი და ვთვლი, რომ სტალინს ჩემი ქვეყნისთვის ბოროტებს გარდა არაფერი გაუკეთებია. ამიტომ პეტიციას ვამზადებ, რომ გადაერქვა სახელი და დაერქვას ანტონ კათალიკოსის ქუჩა. მას ქვეყნის, ერისა და ეკლესიის წინაშე უდიდესი ღვაწლი აქვს და მგონია რომ მისი სახელობის ქუჩა უნდა არსებობდეს" - აცხადებს ვალის ერთ-ერთი მკვიდრი ნიკოლოზ ხიზაძე.

სახელის შეცვლის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის თქმით, საქმის დასრულებაში მათ ხელი პანდემიამ შეუშალა.

თამუნა უჩიძის ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცემული თავისუფლების ქარტია, ქუჩების, მოედნების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ითვალისწინებს.

"გარდა ამისა, 2011 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილება თვითმმართველ ერთეულებს ავალდებულებს, რომ გეოგრაფიული ობიექტების საბჭოთა ბოლშევიკური გეოგრაფიული ობიექტების სახელები შეცვალონ, მაგრამ ახალციხის საკრებულოს ქუჩისთვის სახელის შეცვლა ამ დრომდე არ უფიქრია. როგორც კი შეგვიგროვდება საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები, მას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარვუდგენთ და მოვითხოვთ, რომ საკრებულომ მიიღოს გადაწყვეტილება და სტალინის ქუჩას სახელი შეუცვალონ“ - ამბობს თამუნა უჩიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მიზნით, მათთვის არავის მიუმართავს. 

“8 წელია საკრებულოში ვმუშაობ და აღნიშნულ საკითხზე მოსახელობის მხრიდან მომართვა არ ყოფილა. პირიქით, რამდენიმე წლის წინ, მოსახლეობა ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგიც კი იყო“
, - ამბობს გელა ნოზაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში საკითხით დაინტერესდებიან.
| Print |