საზოგადოება
გაძვირებული ელექტროენერგია - პანდემიისა და უმუშევრობის მომდევნო ეტაპი
პანდემიის პერიოდში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ მოსახლეობას ელექტროენერგია გაუძვირა. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთში თითოეულ ოჯახს სამი ან ოთხი თეთრით მეტის გადახდა მოუწევს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს აბონენტი.

დენის ტარიფის ზრდა პირველ რიგში უარყოფითად მოსახლეობაზე აისახება. ეკონომიკურად ისედაც შეჭირვებულ მოქალაქეებს, გაძვირებული ცხოვრების პირობებში, ყოველ ნაბიჯზე დამატებითი ხარჯების გაწევა უხდებათ. ახალციხის მაცხოვრებლები, უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ პანდემიისა და უმუშევრობის პერიოდში, ტარიფების ზრდა უსამართლობაა. მოსახლეობა შიშობს, რომ გაზრდილი ღირებულების გამო, გადასახადს ვერ გადაიხდის. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, რომელთაც შემოსავალი საერთოდ არ აქვთ.

საქართველოს ეკომონიკის მინისტრმა ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება პანდემიას და მის გამო რთულ მდგომარეობაში მყოფ ენერგეტიკის სექტორს დაუკავშირა, რომელიც ნათია თურნავას თქით, ყველა სხვა ბიზნესის ხერხემალია.

„ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ არის დამოკიდებული სახლემწიფოზე, რადგან ეს მარეგულირებლის პრეროგატივაა“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგრც სემეკში განმარტავენ, ტარიფების ზრდა, მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარეობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია მოსახლეობისთვის უპრობლემო მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებდა.

„სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები ასახავს, მხოლოდ იმ მიზანშეწონილ ხარჯებს, რაც წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას, ელექტროენერგიის საიმედო და შეუფერხებელი მიწოდებისთვის“
- ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებში.
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები, ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, რადგან გაზრდილ საფასურს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

„საქართველოს მთავრობა სხვაობას, დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს, 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დენის ტარიფის ზრდას, ნაკლებად კრიტიკულად უყურებს ეკონომისტი როინ თათეშვილი. მისი აზრით, გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო, რადგან პანდემიით შექმნილმა კრიზისმა პრობლემა ყველა მიმართულებით შექმნა.

„სემეკმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადი ყველა მიმართულებით გაიზარდა. სახელმწიფომ დააწესა სუბსიდია, რადგან მოსახლეობას დიდ ტვირთად არ დაწოლოდა ფასების მატება," - აცხადებს როინ თათეშვილი.

ეკონომისტი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მთავრობა ცდილობს მოსახლეობას შეღავათები გაუწიოს და რთული მდგომარეობიდან გამოიყვანოს. თუმცა როინ თათეშვილი შიშობს, რომ ერთი წლის შემდეგ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ძალიან გაუჭირდებათ.

„გაზრდილი ტარიფი უარყოფითად აისახება მეწარმეებზე, რადგან მათ სახელმწიფო გადასახადის მხოლოდ 50%-ს უნაზღაურებს. ვფიქრობ, „სემეკმა“ ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სახელმწიფომ ამ გადაწყვეტილებას ალტერნატიულად უპასუხა და სუბსიდირება განახორციელა,“- აცხადებს ეკონომისტი.

როინ თათეშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება სახელმწიფოს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია და ისიც საზღვარგარეთ აღებული სესხით.

დენის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 29 დეკემბერს საჯარო სხდომაზე მიიღო. ახალი ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. აქამდე მოქმედი ტარიფი სამი წლის წინ დამტკიცდა. მას შემდეგ, ელექტროენერგიის საფასური ქვეყანაში არ შეცვლილა.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |