საზოგადოება
ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე, შეკეთებული მილი ისევ დაზიანდა
ქალაქ ვალეში მაჭარაშვილის ქუჩაზე შეკეთებული წყლის მილი ისევ დაზიანდა. შედეგად, მომდებარედ ეზოები და სარდაფები იტბორება. მოსახლეობამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ისევ მიმართა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

„ყოველდღე მოდიან, მოვლენ დახედავენ და წავლენ, უკვე 1 კვირაა ასე გრძელდება. დღეს გაგვიმართლა, ვალეში წყალი არარის თორემ ეზოები ისევ დაიტბორებოდა. გახეთქილი მილის გამო სულ გაყინულია გზა და მოსახლეობას სახლები ეტბორება“,- ამბობს ადგილობრივი ილონა ბათმანიშვილი.

ვალეში დაზიანებული მილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 16 იანვარს შეაკეთა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ კომპანიის თანამშრომლებს პრობლემის საფუძვლიანად აღმოფხვრაზე არ უზრუნიათ, რადგან მილი იმ დღესვე დაზიანდა.

„მილი ე.წ ქაფით იყო გაკეთებული. ვის გაუგონია გამსკდარი, დაზიანებული მილის ქაფით გაკეთება, ვინ ასწავლა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული მენეჯერის გიორგი გრიგალაშვილის თქმით, სისტემა მათმა კონტრაქტორმა კომპანიამ დააზიანა.

„მაჭარაშვილის ქუჩაზე, ისევე როგორც მთელს ვალეში იმუშავა სახელმწიფოს კონტრაქტორმა კომპანიამ და ახლაც მუშაობს, იმის გამო, რომ იქ არსებული ქსელი არის „ობობას“ ქსელივით. ძალიან ბევრი განშტოებმა. კონტრაქტორის მშენებლებმა დააზიანეს, ჩვენ მათ უკან მივყვებით და ამ ძველ ქსელებს ვაღდგენთ, არა მარტო მაჭარაშვილის ქუჩაზე, არამედ მთელს ვალეში“ - ამბობს გიორგი გრიგალაშვილი.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ვალეში ახალი სასმელი წყლის სისტემა გაჰყავს, შედეგად ზიანდება გზის საფარი, რომლის აღდგენის პასუხისმგებლობას კომპანია თავიდან ირიდებს. პროექტის ფარგლებში, ვალეში დამატებით შვიდი ჭაბურღილი ეწყობა, საიდანაც სასმელი წყლით მთლიანად ქალაქი ახალი მაგისტრალური ქსელის მეშვეობით, 24 საათის განმავლობაში მომარაგდება.

| Print |