საზოგადოება
მატარებლის დაჯახებისას დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება
ნინოწმინდა - ოროჯოლარის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მამაკაცი ამჟამად თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, გადაუდებელი აუცილებლობის გამო მამაკაცს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი რისკ ჯგუფის პაციენტების კატეგორიაში რჩება. აქვს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის გულის ტრამვა.

''პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას აქვს ძალიან ბევრი, რთული დაზიანება ამიტომ მაღალი რისკის მქონე პაციენტად ითვლება'' - განუცხადეს "მეცხრე არხს" ღუდუშაურის კლინიკაში.

ნინოწმინდა - ოროჯოლარის გზაზე მატარებელი მსუბუქ ავტომობილს 19 იანვარს დაეჯახა. შემთხვევის დროს მანქანაში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ქალს ახალქალაქის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ დაშავებულის თვილისში გადაყვანას შეეცადნენ, თუმცა ქალი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
| Print |