საზოგადოება
საკარანტინე ზონებზე დახარჯული 100 მლნ ლარის ეფექტიანობას აუდიტის სამსახური შეისწავლის
სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოვიდ 19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს განახორციელებს - ამის შესახებ უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. 2021 წლის აუდიტის გეგმიდან ირკვევა, რომ სამსახური მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს. მათ შორისაა საკარანტინე ზონების მოსაწყობად გაფორმებული ხელშეკრულებების აუდიტი, ასევე პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანობის აუდიტი და ეკონომიკის აღდგენის გეგმის ეფექტიანობის აუდიტი.

აუდიტის სამსახურის გეგმები ასეთია:

"COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი საკარანტინო ზონების მართვა - COVID-19 პანდემიის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით შეიქმნა საკარანტინო სივრცეები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ რისკჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას. აუდიტის მიზანია შეისწავლოს პროექტის მართვის ეფექტიანობის საკითხები.

COVID-19 პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობა - აუდიტის მიზანია შეისწავლოს რამდენად ეფექტიანი იყო სამინისტროს მიერ დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებები, ბენეფიციართათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სერვისების დროული და სრულყოფილი მიწოდების კუთხით.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებები - აუდიტის მიზანია შეისწავლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ - აწარმოე საქართველოს მიერ, მეწარმეთა საჭიროებების საპასუხოდ განხორციელებული ხელშეწყობის პროგრამები და ღონისძიებები. ასევე, 2020 წლის ფარგლებში აუდიტი დაფარავს პანდემიის ნეგატიური ეფექტების საპასუხო ღონისძიებების კომპონენტს,"
- ნათქვამია 2021 წლის აუდიტის გეგმაში.

2020 წლის განმავლობაში პანდემიის წინააღმდეგ მიმარტული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკარანტინე სივრცეების მართვის პროგრამა იყო. გასული თვეების განმავლობაში როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებმა, საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე 120 მილიონამდე თანხა დახარჯეს.

bm.ge
| Print |