საზოგადოება
ავღანეთიდან ქართველი სამხედროების როტაციის პროცესი დასრულდა
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის მისია” წარმატებით დაასრულა, ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ სამხედროებს შორის იყვნენ ჯარისკაცები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდან.

მათივე ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

,,პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავღანეთიდან საქარღველოში მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი 20 იანვარს დაბრუნდა, ხოლო მეორე ნაკადი - 23 იანვარს.

| Print |