საზოგადოება
ახალციხეში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის რიტუალი განსხვავებულად ჩატარდა
ახალციხელმა ებრაელებმა წელს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის რიტუალი განსხვავებულად ჩაატარეს. პანდემიის გამო, გერმანელი ნაცისტების მიერ დახოცილ მოძმეებს სახლში გლოვობენ. სასტიკ რეჟიმს, მაშინ 6 მილიონამდე ებრაელი ემსხვერპლა. საქართველოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნა.

„მე მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, მამა და ბიძა მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვალოდ დაიკარგნენ. ჩენ ჰოლოკოსტის მსხვერპლებს, ყოველ წელს ვიხსენებთ. სინაგოგაში ებრაელი ტურისტები ჩამოდიოდნენ და ლოცვას აღვავლენდით ხოლმე. წელს კი ეს შეკრება მხოლოდ თბილისში ჩატარდა“, - ამბობს სიმონ ლევიშვილი.

ჰოლოკოსტი ბერძნული სიტყვაა და სრულიად დაწვას ნიშნავს. დღეს დამკვიდრებული მნიშვნელობით ეს სიტყვა 1910-იანი წლებიდან გამოიყენება. ისტორიკოსები ამ სიტყვით ოსმალეთის იმპერიაში სომეხი მოსახლეობის განადგურებას და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ებრაელების მასობრივ დარბევას აღნიშნავდნენ. 1942 წლიდან კი ეს სიტყვა ნაცისტების მიერ მსხვერპლთა გენოციდს გულისხმობს.

12-წლიან სასტიკ პერიოდს, ანუ ჰოლოკოსტს, 6 მილიონი ებრაელის გარდა ესხვერპლნენ ბოშები, შავკანიანი გერმანელები, პოლონელი ინტელექტუალები, სექსუალური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მას შემდეგ, რაც გერმანელებმა პოლონეთი დაიპყრეს, ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს საკონცენტრაციო ბანაკი ააშენეს, სადაც მილიონობით ებრაელი დახოცეს. 1945 წლის 27 იანვარს „სიკვდილის ბანაკად“ წოდებული საკონცენტრაციო ბანაკი მოკავშირეთა ჯარებმა გაათავისუფლეს. თარიღი საფუძვლად გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას დაედო, როდესაც 2005 წლის 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
| Print |