საზოგადოება
სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებისას ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
სწრაფი გადახდის აპარატები მომხმარებლებს უკვე ვერიფიკაციის გავლას სთხოვს. ცვლილების საფუძველი 2019 წელს მიღებული "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნები გახდა, რომელიც თავის მხრივ, ემყარება ევროდირექტივით და FATF-ის 40 რეკომენდაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენლები სრულიად იყვნენ ინფორმირებულნი და შესაბამისად ჰქონდათ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მოეხდინათ მომხმარებლის ინფორმირება ახალი რეგულაციების 2021 წლიდან ამოქმედების შესახებ. ამასთანავე ვალდებულნი იყვნენ ეწარმოებინათ საინფორმაციო კამპანია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
თანხის გადარიცხვისას იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზეა სავალდებულო:

• აზარტული თამაშები და ლატარია;
• ონლაინ თამაშები ;
• დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
• ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
• ინტერნეტ მარკეტინგი;
• ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
• ტურისტული მომსახურება;
• ქსელური მარკეტინგი;
• ქველმოქმედება;
• საკონსულტაციო მომსახურება;
• პოლიტიკური პარტიები;
• უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები,"- ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის განმარტების თანახმად, რეგისტრაცია არ არის საჭირო შემდეგი სერვისებით სარგებლობის დროს:

- კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები)
- სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები
- სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები
- სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები)
- საფოსტო მომსახურება
- განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები)
- სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები
- მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა
- საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები)
- ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა)
- სავიზო მომსახურების საფასური
- გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან.
- დაბალრისკიანი საქონლის შეძენა

განსახორციებელი გადახდების დროს გადამხდელის სავალდებულო იდენთიფიკაციის მოთხოვნა 2021 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა.

| Print |