საზოგადოება
"ბავშვებს ღამით ვირთხები კბენენ, ლოგინში მატლები გვიძვრებიან", - მინაძეების გასაჭირი
სოფელ ხევაშენში მინაძეების ოთხსულიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და ორი არასრულწლოვნის ერთადერთი თავშესაფარი ავარიული სახლია, სადაც ელემენტარული პირობაც არ არის. ოჯახში არავინ მუშაობს და მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა.

არასაკმარისი საწოლები, საჭმლის რიგ-რიგობით ჭამა, ცხოვრება მღრღნელებთან ერთად - ეს მინაძეების ყოველდღიურობაა. უკიდურესად გაჭირვებული ოთხსულიანი ოჯახი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში, ავარიულ სახლში ცხოვრობს, რომელიც მხოლოდ ორი ოთახისგან შედგება.

„სადაც ვართ აქ ნამდვილად არ იცხოვრება, შეხედეთ, გინდ გარეთ გიცხოვრია, გინდა ამ სახლში. ლოგინი არ მაქვს ბავშვებისთვის, იატაკზე სძინავთ. როგორც ჩვენ ვცხოვრობთ ამ სახლში, ისე ცხოვრობენ ჩვენთან ერთად თაგვები და ვირთხები“, - აღნიშნავს ქეთევან მერაბიშვილი.

წლებია მინაძეების შვილები სხვისი გამონაცვალი სამოსით იზრდებიან. ბავშვებისთვის ტანსაცმელს მეზობლები აძლევენ.

„ტანსაცმელი არაფერი გვაქვს. მეზობლები რასაც გვაძლევენ, იმით ვცხოვრობთ. ბავშვი მეორადი ტანსაცმლით შევიყვანეთ სკოლაში. ჩემი შვილების საჭმელი, მხოლოდ მაკარონი და ვერმიშელია. წლებია ჩემ შვილებს კანფეტი არ უჭამიათ. ტკბილეული რა არის არ იციან. სულ მთხოვენ, დედიკო საჭმელი გვიყიდეო, ვუზოგავ და ისე ვაჭმევ. ფქვილს ვნატრობ, ბავშვებს პურს და ნამცხვარს მაინც გამოვუცხობ. რა გავაკეთო? მეც ხომ ადამიანი ვარ“- ამბობს ოჯახის დიასახლისი.

მინაძეების მთავარი საზრუნავი ახლა ბავშვების უსაფრთხოებაა. უნდათ, რომ სახლის წინ პატარა, მყარი შენობა ააშენონ, სადაც ღამით მშვიდად დაძინებას შეძლებენ.

სახლში, სადაც ახლა ცხოვრობენ, არ არის ავეჯი, მცირეწლოვნებს იატაკზე სძინავთ. ოჯახში არ აქვთ საკმარისი ჭურჭელი, რის გამოც საჭმელს თეფშებზე რიგ-რიგობით ჭამენ. სოციალური დახმარება საკვები პროდუქტებისთვის არ ჰყოფნით. ბავშვებს სათამაშოები არც კი უნახავთ.

„რამდენიმე წლის წინ ეს სახლი ვიყიდეთ, მიწით ნაშენებია. ორი ოთახია მხოლოდ. ესეც თავზე გვენგრევა. ერთხელ გადავწყვიტე სახლის წინ პატარა შენობა მიმეშენებინა ბავშვებისთვის, თუმცა ვეღარ ვიყიდე ცემენტი და სხვა რაღაცეები. ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარების 280 ლარია თვეში და 60 ლარის პროდუქტი. ეს თანხა რა თქმა უნდა არ გვყოფნის, რადგან ბავშვებს ჭამა, ჩაცმა უნდათ. არანაირი დახმარება არ გვაქვს. მეზობელმა გუშინ ცოტა შეშა მომიტანა, ბავშვები არ გაგეყინოსო“
-ამბობს იმედა მინაძე.

შვიდი წლის ნიკოლოზის ოცნება საჭმელი, სათამაშოები და კარგი სახლია. იხსენებს, როცა ღამით ვირთხამ თითზე უკბინა, ამიტომ დაძინების ეშინია.

„კარტოფილის ჭამა მინდა ძალიან, იცი? ძალიან მინდა, აღარ მინდა მაკარონი. სათამაშოებიც მინდა, თოფები, მანქანები, ტრაქტორები, ახალი ტანსაცმელი, სკოლაში ლამაზად ჩაცმული რომ წავიდე. ბარბარეს მანიკურები და ლამაზი კაბები რომ ჰქონდეს“- გვეუბნება ნიკოლოზი.მინაძეების ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ სოფლის რწმუნებულისთვის ცნობილია, გიორგი ენდელაძე გვიდასტურებს, რომ ოჯახი სახელმწიფო შემწეობასა და მერიის სოციალურ პაკეტზეა დამოკიდებული. ამბობს, რომ პანდემიამდე მერია ოჯახს ერთჯერადად, საკვები პროდუქტებითა და თანხით დაეხმარა.

„ჩემი ხელით მივუტანე წინა ახალ წელს საკვები. დეპუტატიც ეხმარებოდა. პანდემიის გამო, ვეღარ დავეხმარეთ პროდუქტით, აქამდე სულ ვეხმარებოდით. მარტო არასდროს ვტოვებდით. ქმარს სამსახურიც კი შევთავაზეთ აბასთუმანში, მაგრამ არ წამოვიდა. არ მინდა მუშაობა, სოციალურს მომიხსნიანო. ჩვენ რა გავაკეთოთ“- აცხადებს ადიგენის მერის წარომადგენელი სოფელ ხევაშენში გიორგი ენდელაძე.

ოჯახი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალს კეთილი ადამიანების მხარდაჭერაში ხედავს. იმედი აქვთ, რომ მათი დახმარებით, მძიმე ყოფას შეიმსუბუქებენ. ამ ეტაპზე მინაძეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ავეჯი, ელემენტარული ჭურჭელი, საკვები და ტანსაცმელი.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |