საზოგადოება
საგამოცდო ავტომობილები იცვლება
პირველი თებერვლიდან მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით ჩააბარებენ. ძველი ავტომობილები ახლით თავდაპირველად გორისა და რუსთავის საგამოცდო მოედნებზე ჩანაცვლდება. რაც შეეხება დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციიით, ძველი საგამოცდო მანქანები ახალი მოდელებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება.

"აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით, რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე, ხოლო დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებში ეტაპობრივად ჩანაცვლდება ძველი საგამოცდო მანქანები ახალი მოდელებით" - მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტოსკოლა „მწვანე შუქის“ ხელმძღვანელი გიორგი ჯინჭველაძე ამბობს, რომ ის მიესალმება მსგავს ცვლილებას და საჭიროების შემთხვევაში სასწავლო მანქანას „შკოდა რაპიდით“ შეცვლის.

„როგორც ვიცი "შკოდა რაპიდები" დაემატა, რომელიც ქალაქში მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად იქნება. საგამოცდო მანქანები დეკემბრის ჩათვლით "შკოდა ფაბია" იყო. თუ გადაწყდება ავტომობილების ჩამაცვლება, ჩვენც ჩავანაცვლებთ რათქმაუნდა“, -ამბობს გიორგი ჯინჭველაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პირველი თებერვლიდან, COVID-19 -ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს და მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

რაც შეეხება მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას, პირველი თებერვლიდან გამოცდაზე გასვლას ის პირები შეძლებენ, ვისაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს.
| Print |