საზოგადოება
„ძაღლმა ვინმე უნდა დაგლიჯოს, რომ ყურადღება მოგვაქციონ?“ - ახალციხეში მიუსაფარი ცხოველების სიმრავლეზე ჩივიან (ვიდეო)
ახალციხეში, სერაპიონ ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობა მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეზე ჩივის. ადგილობრივების თქმით, ცხოველები აცრილები არ არიან და მოქალაქეებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ. ადგილობრივები ახალციხის მერიისგან ყურადღებას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

„აუცილებლად ძაღლმა ვიღაც უნდა დაგლიჯოს, რომ ყურადღება მოგვაქციონ? ძალიან ვთხოვ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ძაღლები ან თავშესაფარში წაიყვანონ, ან აცრან. ხალხი ისეა შეშინებული, სახლიდან გარეთ არ გამოდის“, - ამბობს ბელა ტაბატაძე.

ადგილობრივების თქმით, მოუსაფარი ძაღლების პრობლემამ განსაკუთრებით, გასული წლის ზაფხულიდან შეაწუხათ. მათივე განმართებით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ძაღლს ბავშვები შეუშინებია.

„წინა დღეს ბავშვი ნაგვის გადასაყრელად გავაგზავნე და შეუშინებია ძაღლს, სახლში კანკალით მოვიდა. წამალი დავალევინე, ძლივს დავაწყნარე. იქნებ რამე მოიმოქმედონ, ორშაბათიდან სკოლა იწყება და ბავშვებს შიშით ვეღარ გავუშვებ“, -აღნიშნავს ადგილობრივი მარიამ ზედგინიძე.

სერაპიონ ზარზმელის ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ადგილობრივ მერიას მივმართეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხს შეისწავლიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. შესაბამისი რეაგირება კი გორში ცხოველის გადაყვანას, კატრაცია-სტერილიზაციის ჩატარებას და ცოფის ვაქცინის გაკეთებას გულისხმობს. ახალციხის მერიას გორის თავშესაფართან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის დეკემბრის ბოლო საკრებულოს სხდომაზეც ისაუბრა. ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ ქალაქში ყველა ძაღლი აცრილი და დამუშავებულია, შესაბამისად, ხალხისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა მისივე თქმით, ძაღლები სხვა დასახლებებიდან ჩამოჰყავთ, რისი კონტროლიც ვერ ხერხდება. 

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადიგენისა და კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ბაზარზე პირუტყვი ჩამოყავთ და მათ ძაღლებიც მოჰყვება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და ხალხისთვის საშიშიცაა, თუმცა ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ“, - აცხადებს ზაზა მელიქიძე.

ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი მზადაა. ის ახალციხეში, ფარეხის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს დონორს, რომელიც მშენებლობას დააფინანსებს.

| Print |