საზოგადოება
"მეცხრე არხში" მინაძეების ოჯახისთვის მოქალაქეებმა სურსათის და ნივთების შეგროვება დაიწყეს
ადიგენის სოფელ ხევაშენში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მინაძეების ოთხსულიან ოჯახს, მოქალაქეები ეხმარებიან. ჭურჭელი, სათამაშოები, სურსათი და ტანსაცმელი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ოფისში გროვდება.

საქველმოქმედო აქციას ამჯერად ექიმი-სტომატოლოგი არტურ აშიკიანი და ორი ადგილობრივი შეუერთდა. მათ მინაძეებისთვის განკუთვნილი ნივთები - პროდუქტი, ტანსაცმელი, თეთრეული, სათამაშოები და ჭურჭელი „მეცხრე არხში“ დღეს, 31 იანვარს მიიტანეს. შეგროვებულ ნივთებს "მეცხრე არხი" უკიდურესად შეჭირვებულ ოთხსულიან ოჯახს საზოგადოების სახელით გადასცემს.

ხევაშენში ოჯახს უკვე ესტუმრნენ მეფრინველეობის ფერმის მეპატრონეები, წისქვილკომბინატის მფლობელები და ადგილობრივები.

მინაძეები ავარიულ სახლში ორ მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობენ. მათ 5 წლის გოგონა და 7 წლის ვაჟი ჰყავთ. არ აქვთ ჭურჭელი, საკვები პროდუქტი, ავეჯი და ტანსაცმელი. მათი მთავარი საზრუნავი ბავშვების უსაფრთხოებაა.

| Print |