საზოგადოება
ახალციხეში სამშენებლო ობიექტიდან 35 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა. დაშავებულია 35 წლამდე პირი, რომელიც ადგილობრივ რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. მას წვივზე ოპერაცია ჩაუტარდა.

„ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია გავუკეთეთ, წვივი ჰქონდა მოტეხილი. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ , - განმარტავს ექიმი ბესიკ ბურჯალიანი.

მშენებარე ობიექტის მეპატრონის თქმით, მამაკაცს კიბიდან ჩამოსვლისას ფეხი გაუცურდა.

„მე დამირეკეს შემატყობინეს, რომ ასეთი ამბავი იყო და მაშინვე გამოვიქეცი ახალციხეში. ამჟამად, როგორც ვიცი, კარგადაა“, - ამბობს ობიექტის მეპატრონე ზურა დურგლიშვილი.

მისივე თქმით, შემთხვევა 31 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
| Print |