საზოგადოება
საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა - კვლევა
საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი ოთხჯერ შემცირდა და 2019 წელს ბიჭებისთვის 8.6-ს, ხოლო გოგონებისთვის 7.1-ს გაუტოლდა.

მსგავსი ტენდენციები შეინიშნება 5 წლამდე ასაკის ბავშვების მოკვდაობის კოეფიციენტში, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში 2.5-ჯერ ნაკლებია. 2.1-ჯერ შემცირდა დედათა სიკვდილიანობაც. ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მოზმადებულ პუბლიკაცია "ქალი და კაცი საქართველოში 2020-შია" საუბარი.

კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გასამმაგებულმა ჯანდაცვის ხარჯებმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის შემოღებამ, გამოიწვია პაციენტების ვიზიტების რაოდენობის მინიმუმ 50%-ით გაზრდა, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის გადამდები და არაგადამდები დაავადებების უფრო მეტ რეგისტრირებულ რაოდენობას. ანალიზმა აჩვენა, რომ მამაკაცებში ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და ფსიქიკური აშლილობის ახალი შემთხვევები აღემატება ქალებში გამოვლენილ შემთხვევებს, ხოლო ქალებში მამაკაცებთან შედარებით, უფრო მეტია ახალდიაგნოზირებული ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები.

სიკვდილის მიზეზების ანალიზი კი აჩვენებს, რომ შემთხვევათა საერთო რაოდენობაში კვლავ ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები, რაც ქალთა მოკვდაობის მიზეზის 50%-ს, ხოლო მამაკაცთა სიკვდილიანობის 43%-ს შეადგენს.
| Print |