საზოგადოება
საქართველოში ახალი ციფრული ბანკის შექმნა იგეგმება
ციფრული ბანკი ახალი თაობის საფინანსო დაწესებულებაა, რომელიც ოფისის და ფიზიკური ფილიალების გარეშე, სრულად ინტერნეტ სივრცეში არსებობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ინვესტორები ამ კონცეფციით დაინტერესებული არიან და ერთი ასეთი პროექტი სებ-მა უკვე განიხილა კიდეც.
“არიან დაინტერესებულები ინვესტორები და ჯგუფები, რომელთაც უნდათ მიიღონ ციფრული ბანკის ლიცენზია. ჩვენ გავიარეთ ერთი ასეთი პროექტი და შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ უკვე კონკრეტული ბიზნეს გეგმა მოვითხოვოთ, თუ როგორ ხედავენ იმ პრინციპების ხორცშესხმას,”- ამბობს კობა გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ციფრული ბანკის ლიცენზიისთვის ინვესტორს ჩვეულებრივ ბანკთან შედარებით 10-ჯერ ნაკლები კაპიტალი ესაჭიროება, რაც დღეისთვის 5 მილიონ ლარს შეადგენს.
დღეს საქართველოს საბანკო სექტორში 15 კომერციული ბანკი საქმიანობს. ჯერჯერობით, ციფრული ბანკის სრულფასოვან ლიცენზიას არცერთი კომპანია ფლობს.
რამდენიმე თვის წინ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლითაც სებ-ი ციფრული ბანკების რეგულირების ჩარჩოს გაწერას გეგმავს. მისი თქმით, მსგავსი საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის საბაზრო ბარიერების შემსუბუქება არის შესაძლებელი.
“ციფრული ბანკის ლიცენზია გულისხმობს სწორედ ბარიერების შემსუბუქებას, რათა კონკრეტული საბანკო პროდუქტი უფრო უკეთ იყოს ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მოდის თავისი შეზღუდვებით, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და შენარჩუნებული იყოს ფინანსური სტაბილურობა და არ დაგროვდეს დამატებითი რისკები სისტემაში", - აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
გააზიარეთ :