საზოგადოება
სამსახური ემიგრაციაშიც არ გვაქვს, თუმცა საქართველოში დაბრუნების გვეშინია - ემიგრანტები საქართველოდან
სამშობლოსა და ოჯახისგან შორს ყოფნა ემიგრანტებისთვის მტკივნეულია. თუმცა საყვარელი ადამიანებისთვის უზრუნველი ცხოვრების შესაქმნელად, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ მაინც მიდიან. კორონავირუსმა ემიგრანტებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. უკვე მეორედ, პანდემიის ახალი ტალღის გამო, მათი ნაწილი ისევ სამსახურის გარეშე დარჩა.

მაია გიგოლაშვილი ათი წელია საზღვარგარეთ, ემიგრაციაში იმყოფება. ამბობს, რომ ასეთი რთული პერიოდი მას და მის ოჯახს არ ახსოვს. კორონაპანდემიის გამო, რამდენიმე თვეა აღარ მუშაობს. თურქეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ყველა რესტორანი დაიკეტა. ემიგრანტები, რომლებიც კვების ობიექტებში იყვნენ დასაქმებულნი, სამსახურის გარეშე დარჩნენ.

“ის თანხა, რაც მთელი წლის მანძილზე შევაგროვე, მხოლოდ ბინის ქირას ჰყოფნის. საკმაოდ რთულია უცხო ქვეყანაში ცხოვრება ემიგრანტისთვის, მაგრამ განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ახლა, რადგან ყველაფერი დაკეტილია, ყველამ დაკარგა სამსახური. კომუნალურების გადახდა ძალიან მიჭირს. ყველა ემიგრანტს სახლი აქვს ნაქირავები. ქირა, კვება, კომუნალური - ეს ყველაფერი იმხელა თანხებთან არის დაკავშირებული. მძიმე მდგომარეობაში ვართ, ოჯახში ფულს ვეღარ ვაგზავნით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერც საქართველში ვბრუნდებით, რადგან საბუთები გავაკეთე, მაგრამპანდემიის გამო პასუხის მოსვლას დააგვიანდა და ქვეყნის დატოვების უფლება არ მაქვს”
, - ამბობს მაია გიგოლაშვილი.

რთულ მდგომარეობაშია მაია ზედგინიძეც, რომელიც ახალციხიდან ისრაელში სამუშაოდ 4 წლის წინ წავიდა. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ახლა რადიკალურად შეეცვალა. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, სასტუმრო, სადაც ემიგრანტი მუშაობდა, დაიკეტა. უმუშევრად დარჩენილი ქალი გამოსავალს ვერ პოულობს.

„საკმოდ მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში. პანდემიის გამოცხადებიდან დაიკეტასასტუმროები, კვების ობიექტები და ფიტნეს კლუბები. ემიგრანტების უმეტესობა უმუშევარი დარჩა. ძალიან მძიმე პირობებში აღმოვჩნდით, რადგან არ გვაქვს ხელფასი. ემიგრანტებისთვის აქ არანაირი დახმარება არ არის. არ ვიცით როდემდე გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა, ცუდ დღეში ვართ“, - აღნიშნავს მაია ზედგინიძე.

თუ სხვა ქვეყნებში მყოფ ქართველ ემიგრანტებს კორონაპანდემიის პერიოდში უცხო ქვეყანა არ ეხმარება, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს, საქართველოს მთავრობა გარკვეულ მხარდაჭერას უცხადებს. კერძოდ, 19 მოსწავლეს, უკვე გადაეცა კომპიუტერები, რათა სასკოლო ასაკის მიგრანტები დისტანციური სწავლების პროცესში შეუფერხებლად ჩართულიყვნენ.

გარდა ამისა, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ 4 000 ლარამდე გრანტი გასცა. 125 დაბრუნებული მიგრანტი, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

მათ ასევე მიიღეს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები. მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

„სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს“,
- ნათქვამია დევნილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობას საქართველოს მთავრობა 2015 წლიდან ახდენს. „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“პროგრამას2020 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციაა. სარეინტეგრაციო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პირები, რომლებიც:

• საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;

• სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში მიმართეს სააგენტოს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.

სახელმწიფოს ეს შეთავაზება ემიგრანტების უმეტესობისთვის არახელსაყრელია. საზღვარგარეთ დასაქმებულები ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტები მათ მომავალს ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ურჩევნიათ, საზღვარგარეთ დარჩნენ და მძიმე ფიზიკური შრომით, საქართველოში ოჯახები შეინახონ. ერთ-ერთი ასეთი ეკა წიკლაურია, რომელიც ხუთი წელია სამშობლოში არ ყოფილა. ემიგრანტი ბოლო ერთი წელია ოჯახს თანხას ვეღარ უგზავნის. კორონაპანდემიის დაწყებისთანავე უმუშევარი დარჩა. იტალიიდან მიღებული გზავნილი კი ეკას ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო.

საქართველოში დაბრუნების მეშინია, რომ ჩამოვიდე ვიცი სამსახურის გარეშე დავრჩები. რა ვაჭამო ჩემს შვლებს, მე კი არ მეხალისება საზღვარგარეთ ყოფნა, უბრალოდ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოში დასაქმდე და მინიმუმ, 1 000 ლარი გქონდეს ხელფასი. ყველა ემიგრანტს ეშინია საქართველოში დაბრუნების. სახელმწიფოს მხრიდან ეს დახმარება ძალიან მწირია, ვის რაში ეყოფა 4 000 ლარი. არ მინდა არავს ფული, მე მირჩევნია ვიმუშავო და ანაზღაურება მქონდეს კარგი, ყოველთვიური შემოსავალი მინდა, რომ ოჯახის რჩენა შევძლო საქართველოში“ - ამბობს ეკა წიკლაური.

ყველა ქვეყანაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში არალეგალურად იმყოფებიან და მუშაობენ, რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. პანდემიის და დაკარგული სამსაურის გამო, ბოლო ერთი წელია, ემიგრანტების ოჯახების ნაწილს საქართველოში გზავნილი აღარ მიუღიათ. ამის მიუხედავად, საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნებას არ ჩქარობენ და იმედს იტოვებენ, რომ გაზაფხულიდან ეპიდსიტუაცია გამოსწორდება და მუშაობას განაახლებენ. უმეტესი მათგანი საქართველოში დარჩენილი ოჯახების ერთადერთი მარჩენალია. 

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |