საზოგადოება
მესხეთის თეატრის ჩაშლილი გეგემები - ხელისუფლების განაჩენი კულტურას
კულტურა არის ერთ-ერთი სფერო, რომელსაც შეზღუდვების შემსუბუქება, არც პირველ და არც მეორე ტალღის დროს, არ შეხებია. ზაფხულში, როცა ქვეყანაში შედარებით ნაკლები რეგულაცია მოქმედებდა, თეატრებს სრულყოფილად მუშაობის უფლება მაინც არ მისცეს. შედეგად, ერთი წელია მსახიობებს დარბაზში მაყურებლისთვის არ უმასპინძლიათ. ამის გამოა, რომ ზოგიერთმა მსახიობმა ქვეყანა დატოვა, ზოგი კი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის სხვა გზას ეძებს.

მსახიობი ლიაკო გოგიძე მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრი აღარ არის. ის საცხოვრებლად აშშ-ში, ოჯახთან ერთად გადავიდა. გვიყვება, რომ ქვეყნის დატოვება გაუჭირდა, თუმცა კორონავირუსის გამო თეატრებისთვის დაწესებული შეზღუდვების პირობებში, მისი პროფესიული განვითარებისთვის ეს ერთადერთი გამოსავალი იყო.

„წასვლას ისედაც ვგეგმავდი, მაგრამ ჩემი სამომავლო გეგმის განხორციელება პანდემიამ დააჩქარა, ამიტომ მანამდე დავტოვე ქვეყანა, სანამ საზღვრები ჩაიკეტებოდა. თეატრში მუხლზე ტრავმვა მივიღე, ოპერაციის გაკეთება მომიწია და ცოტა ხანს სცენას ჩამოვშორდი, როცა გამოვჯანმრთელდი, პანდემია დაიწყო და ისევ სახლში დავრჩი. ვირუსმა დიდი დაღი დაასვა თეატრებს, მსახიობებს და საერთოდ - თეატრალურ ცხოვრებას. ჩვენთვის ეს პერიოდი ძალიან რთულია, რადგან დავკარგეთ სულიერი საზრდო“, - ამბობს მსახიობი.

ლიაკო გოგიძეს საზღვარგარეთ გრძელვადიანი გეგმები აქვს. მსახიობი აშშ-ში პროფესიით მუშაობას აპირებს.

ჯერ კიდევ ახალციხეშია და მთავრობისგან მუშაობის განახლების ნებართვას ელის ლექსო ჩემია. მსახიობი ამბობს, რომ კორონავირუსმა ყველაზე მეტად ის პირები დააზარალა, რომლებიც სახელმწიფო თეატრში არ მოღვაწეობენ და ხელფასს მხოლოდ სპექტაკლებიდან შემოსული თანხიდან იღებდნენ.

„პანდემიამ არა მხოლოდ არტისტი, არამედ პროფესიაც არასაჭირო გახადა”, - ამბობს ლექსო. მისი თქმით, მესხეთის საელმწიფო დრამატული თეატრი მზადაა, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. მსახიობი იმედოვნებს, რომ კულტურა შეზღუდვებისგან უახლოეს მომავალში გათავისუფლდება. მსახიობი პრობლემას ვერ ხედავს, რომ 530-ადგილიან დარბაზში მაყურებელი დისტანციის დაცვით განთავსდეს და სპექტაკლები რეგულაციის დაცვით გაიმართოს. ამის გარდა, მესხეთის თეტრი ხელისუფლებას კიდევ ერთ ალტერნტივას სთავაზობს. „იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში მესხეთის მაყურებელი აუცილებლად ნახავს სპექტაკლ „სტუმარ მასპინძელს“, რომლშიც დიდი შრომა ჩავდეთ. მით უმეტეს, უკვე გამოთბა და შენობაში თუ ვერ მოხერხდა, ჩვენთან უამრავი ისტორიული ადგილი არსებობს, სადაც სპექტაკლები შეიძლება ღია ცის ქვეშ ჩატარდეს“, - აცხადებს მსახიობი.


მესხეთის საელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, ერთი წლის განმავლობაში უქმად არ ყოფილან. დასმა შვიდი სპექტაკლი მოამზადა, რომელსაც მაყურებელი თეატრების მუშაობის აკრძალვის გაუქმებისთანავე იხილავს.

„თეატრის მუშაობა არ შეგვიჩერებია, ვცდილობდით სპექტაკლები მოგვემზადებინა, მაგრამ ორმაგი შრომა დავხარჯეთ, შედეგი როდის იქნება ნამდვილად არ ვიცით. პანდემიამ ხელი შეუშალა უკრაინიდან და ლიეტუვიდან მოწვეული რეჟისორების ჩამოსვლას. შესაბამისად, ვერც მსახიობებმა განახორციელეს თავიანთი გეგმა, სპექტაკლები ეჩვენებინათ მთელი საქართველოსთვის და წასულიყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში ფესტივალებზე“, - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

მუშაობის ნებართვის მიღებისთანავე, დასი რეპეტიციებს განაახლებს. დაგეგმილია, რომ თეატრი უმასპინძლებს უცხოელ რეჟისორს და ორ ახალგაზრდა მსახიობს მოიწვევს. გარდა ამისა, აპირებენ გააგრძელონ ტრადიცია და რიგით მეექვსე თეატრალური ფესტივალი ჩაატარონ. სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, თუ სხვადასხვა თეატრის დასს დარბაზში ვერ უმასპინძლებენ, მზად არიან ფესტივალი ღია ცის ქვეშ გამართონ.

„პანდემიის გამო შეჩერდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა შენობის სარემონტო სამუშაოებს და მის აღჭურვას თანამედრტოვე სტანდარტებით. იმედი მაქვს, მალე ჩაივლის პანდემია და პროექტი ისევ გაგრძელდება. ეს როგორც მსახიობებისთვის, ისე თითოეული თანამშრომლისთვის კარგი იქნება“, - ამბობს ლია სულუაშვილი.


მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 60-მდე თანამშრომელი ჰყავს, მათგან 19 მსახიობია. ისინი ერთი წელია მინიმალურ ხელფასს იღებენ. იმდენს, რასაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჰყოფნის. მათ მწირ ხელფასს, სპექტაკლების რაოდენობის მიხედვით, დანამატი ავსებდა. შემოსავალი, რომელიც თეატრს სპექტაკლის გამართვიდან ჰქონდა, მსახიობებზე ჰონორარის სახით ნაწილდებოდა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც თეატრები ერთი წლით დაკეტეს, ახსნას ვერ უძებნის თეატრთმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი. ის ამბობს, რომ კულტურის ინდუსტრია საშიში არ არის და თეატრში უფრო მოხერხდება დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა, ვიდრე ბაზრობებსა და საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში.

„ვფიქრობ, საკმაოდ უსამართლოდ ექცევიან კულტურის ინდუსტრიას, ვინაიდან ის უკვე საკმაოდ დაზარალდა. ზარალი იმდენად დიდია, მისი დათვლა შეუძლებელია. კულტურა ის სფეროა, რომელიც ყოველთვის უნდა მუშაობდეს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული კულტურის ბედი. რაც ახლა ხდება, ეს დიდ დაღს დაასვამს სამომავლოდ კულტურას“, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

მისი განმარტებით, ერთწლიანმა დაპაუზებამ თეატრს მიაყენა როგორც ფინანსური, ისე შემოქმედებითი ზარალი. თეატრების გახსნის შემთხვევაში, მსახიობებმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ. ადმინისტრაციამ უნდა დახარჯოს როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი.

ხელისუფლება კი დუმს. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თეატრების გასახსნელად, საქართველოში შესაბამისი ეპიდსიტუაცია ჯერ არ არის. თეატრმცოდნეები კი ამბობენ, რომ კულტურა ხელისფლებისთვის მეორეხარისხოვანია.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |