საზოგადოება
პოლიეთილენის პარკების მწარმოებლების შემოწმებისას 1 493 490 პარკი დალუქეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პარკების მწარმოებელი კომპანიები შეამოწმეს.

უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ინსპექტირების თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, 32 ობიექტი შეამოწმეს და, ჯამში, 1 493 490 პოლიეთილენის პარკი დალუქეს.

ინსპექტირების შედეგად,კომპანიების მხრიდან, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

„საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია, პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს”, - ნათქვაია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს სამი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს: პარკების წარმოებისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, პარკების იმპორტისას - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, პარკების რეალიზაციისას კი ადგილობრივი თვითმმართველობა.

| Print |